მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი ამბობს, რომ სავარაუდოდ, 2021 წლის სეზონის განმავლობაში, ავსტრალიაში არ დაბრუნდბა. ამის მიზეზი ისაა, რომ შინ დაბრუნების შემთხვევაში, კარანტინის გავლა მოუწევს, რაც ბევრ დროს წაართმევს.
„ავსტრალიაში მოქმედი საკარანტინო წესების შესაბამისად, შინ დაბრუნების შემთხვევაში, ორი კვირა სასტუმროში, კარანტინში უნდა გავატარო. სეზონში კი სივრცე არაა იმისათვის, რომ შინ ორი კვირის გასატარებლად, კიდევ ორი კვირა დავკარგო. ამიტომ, სეზონს ისე დავგეგმავ, რომ უცხოეთში აშშ-ის ღია პირველობამდე დავრჩე და შესაძლოა, ასე სეზონის ბოლომდე გავაგრძელო“, - ამბობს ბარტი.
ბარტისთვის ავსტრალიის გარეთ დიდხანს დარჩენა უცხო არაა. თუმცა აღიარებს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში საზღვარგარეთ ყოფნა მისთვისაც უჩვეულო იქნება.
„რა თქმა უნდა, ეს რაღაც ახალია ჩემთვის. უნდა გავიაზრო და გადავწყვიტო, სად გავატარებ ასეთ ხანგრძლივ დროს“, - ამბობს ბარტი, ვინც მაიამის ღია პირველობაზე ჩემპიონის რანგში თამაშობს. ტურნირი მან 2019 წელს მოიგო, მაგრამ შარშან ის კორონავირუსის პანდემიის გამო არ გაიმრთა.
ბარტიმ მაიამის ტურნირის მეოთხე წრეში ბელარუს ვიქტორია აზარენკას სამ სეტში, 6-1 1-6 6-2 მოუგო. ეს ამ ტურნირზე მისი ზედიზედ მეცხრე გამარჯვებაა. მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე ასევე ბელარუსი, არინა საბალენკა იქნება.
აღსანიშნავია, რომ მაიამის ტურნირის შემდეგ, ბარტიმ შესაძლოა პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგოს. მისი ჩამოქვეითების შანსი, იაპონელ ნაომი ოსაკას აქვს, რომელმაც 6-3 6-3 მოუგო ბელგიელ ელის მერტენსს. აღსანიშნავია, რომ ოსაკას უკვე ზედიზედ 23 შეხვედრა აქვს მოგებული. ის და ბარტი შესაძლოა ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.