ფორმულა 1-ის დებიუტანტ იუკი ცუნოდასთვის, სეზონის პირველი რბოლა წარმატებული იყო - იაპონელმა მეცხრე ადგილი დაიკავა და ორი ქულა აიღო. ის ამბობს, რომ რბოლაში ყველაზე ემოციური ის იყო, როცა ფერნანდო ალონსოს გაასწრო, ვისაც ბავშვობაში პირველად ფუძის რბოლისას უყურა.
ცუნოდამ, ვინც ერთი წლისაც არ იყო, როცა 2001 წელს, ფორმულა 1-ში ალონსოს დებიუტი შედგა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს შუა რბოლაში, პირველ მოსახვევში გაასწრო.
„ბოლოს ალონსოს რბოლა 13 წლის წინათ ვნახე. მაშინ ფუძის სპიდვეიზე იყო რბოლა და ის „მაკლარენით“ ასპარეზობდა. ვამაყობ. ძალიან გამიხარდა, როცა მას გავასწარი“, - ყვება ცუნოდა.
წარმატებული რბოლის მიუხედავად, ცუნოდამ ფინიშის შემდეგ გუნდს მოუბოდიშა იმ შეცდომების გამო, რომლებიც დაუშვა. იაპონელი ამბობს, რომ ისიც, თავისი მართვის სტილი როგორ გააუმჯობესოს.
„მე ბედნიერიც ვარ და გაწბილებულიც. განსაკუთრებით, ჩემი პირველი წრის გამო, როცა მეტისმეტად ბევრი პოზიცია დავთმე. გარკვეული დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ეს გამომესწორებინა. მიხარია, რომ ჩემს პირველივე რბოლაში ქულები ავიღე. მთავარი კი ისაა, რომ ამ რბოლისას ბევრი რამ ვისწავლე. ასე რომ, იმოლაზე უკეთესი შედეგის იმედი მაქვს“, - ამბობს „ალფატაურის“ ახალწვეული.
ცუნოდა მე-10 ადგილზე იყო, როცა ბოლო წრეზე წავიდა. მან პირველივე მოსახვევში, აგრესიული მანევრით გაასწრო ლანს სტროლს და მეცხრეზე გადაინაცვლა.
„გავიფიქრე, რომ თუ მას ახლა არ გავასწრებდი, ამის გამო მთელი ღამე არ დამეძინებოდა. ბოლო ორი წრე ძალიან გამიჭირდა. განსაკუთრებით მის უკან, ჰაერის ბინძურ ნაკადში მოძრაობისას. საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვი. მაგრამ მიხარია, რომ ბოლო წრეზე მაინც გავასწარი“, - ამბობს ცუნოდა.