„რედ ბულის“ გუნდის შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ მაქს ფერსტაპენი სწორად მოიქცა, როდესაც ბაჰრეინის რბოლის მიწურულს, ლუის ჰამილტონის გასწრების შემდეგ, მასვე ლიდერის პოზიცია დაუთმო. იმის მიუხედავად, რომ ეს გამარჯვების ფასად დაუჯდა.
ფერსტაპენმა ჰამილტონს ფინიშამდე სამი წრით ადრე გაასწრო. მაგრამ გასწრებისას, ტრასის თეთრი ზოლი ოთხივე ბორბლით გადაკვეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასწრება ტრასის მიღმა განხორციელდა, რაც დაუშვებელია. ამის გამო, რბოლის კონტროლმა „რედ ბულს“ მოსთხოვა, რომ ჰოლანდიელს მოპოვებული ლიდერობა დაეთმო. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო წამები გარდაუვალი იქნებოდა.
„რბოლის დირექტორისგან დაუყოვნებლივ მივიღეთ ინსტრუქცია, რომ მოპოვებული პოზიცია უნდა დაგვებრუნებინა. მაქსი სპორტულად მოიქცა და მოთხოვნა შეასრულა. ლუისმა ამის შემდეგ, პოზიცია ბოლომდე შეინარჩუნა“, - ყვება ჰორნერი.
ფერსტაპენმა გუნდს რადიოთივე უთხრა, რომ წინ უნდა დარჩენილიყო, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ჰამილტონს დარჩენილ სამ წრეში, ხუთ წამზე მეტით ჩამოიტოვებდა. სწორედ ხუთწამიანი ჯარიმა იყო მოსალოდნელი, თუ პოზიციას არ დააბრუნებდა. მაგრამ ჰორნერმა უპასუხა, რომ ჯარიმა შესაძლოა ხუთ წამზე მეტი ყოფილიყო.
გასწრება მეოთხე მოსახვევში მოხდა, სადაც პრაქტიკებზე და კვალიფიკაციაზე, ტრასის მიღმა გასვლა დაუშვებელი იყო. რბოლისთვის ეს აკრძალვა მოიხსნა, თუმცა შუა რბოლისას, გუნდებს შეატყობინეს, რომ აკრძალვა ისევ ძალაშია. ამის მიუხედავად, ჰამილტონივ, ბოტასიც და ფერსტაპენიც, ისევე როგორც სხვა დანარჩენებიც, ხშირად გადიოდნენ ლიმიტს მიღმა.
ჰორნერი ყვება, რომ რბოლისას კონტროლს შეეკითხნენ, შეეძლოთ თუ არა ამ მონაკვეთში ტრასის მიღმა გასვლა. ამის შემდეგ, რბოლის დირექტორმა „მერსედესს“ სთხოვა, რომ მის პილოტებს ზღვარი აღარ დაერღვიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამაფრთხილებელ შავ-თეთრ დროშებს აუფრიალებდნენ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ პილოტებს გასწრებისთვის ამ ტრასის მიღმა ზონის გამოყენების უფლება არ ჰქონდათ. ამის შესახებ, პილოტები რბოლის დროს გააფრთხილეს. სწორედ ამ გადაწყვეტილებით იხელმძღვანელა რბოლის დირექტორმა, როცა ფერსტაპენს მოპოვებული პოზიცია დაეთმო.