საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ბელარუსის 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლა და ოფიციალურად დაიწყო ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადება, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს და იქ თამაში გარანტირებული აქვს.
რამაზ სვანაძის გუნდმა საკმაოდ კარგი და სასიამოვნო ფეხბურთი ითამაშა იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად ახალი შემადგენლობა იყო მინდორზე. ბელარუსებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს.
გუნდებმა გოლები სწრაფად გაცვალეს. მეხუთე წუთზე გიორგი გულიაშვილმა შორი მანძილიდან გაიტანა, რასაც 8 წუთში სუპრანოვიჩის ასევე შორი დისტანციიდან გატანილი გოლი მოჰყვა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ საქართველო თამაშს სრულად აკონტროლებდა. იაკობიძემ მეორე ტაიმის სტარტზევე გაიტანა, რასაც მალე გულიაშვილი ულამაზესი გოლი მოჰყვა, რომელმაც დუბლი შეასრულა და მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. საბოლოო შედეგი კი 84-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც შოთა შეყილაძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გაიტანა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 4:1 მოიგო და მომდევნო ამხანაგურ თამაშს 7 სექტემბერს რუმინეთის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან ჩაატარებს.
საქართველო (U21) - ბელარუსი (U21) 4:1 (1:1)
საქართველო: მეგრელიშვილი, ხვადაგიანი (მჭედლიშვილი 80), გიგაშვილი (ნონიკაშვილი 46), კალანდაძე, გოჩოლეიშვილი, დარცმელია (შეყილაძე 62), მექვაბიშვილი, ხარაიშვილი (შარვაშიძე 80), გულიაშვილი (მესიაჩენკო 85), მოისწრაფიშვილი, იაკობიძე (გაგნიძე 62)
გოლები: 1:0 გულიაშვილი (5), 1:1 სუპრანოვიჩი (13), 2:1 იაკობიძე (53) 3:1 გულიაშვილი (60), 4:1 შეყილაძე (84)