„ინეოს გრენადერსის“ ბრიტანელმა ადამ იეიტსმა კატალონიის ტური შვიდდღიანი ველორბოლა მოიგო. მის გარდა, კვარცხლბეკის დანარჩენი ორი საფეხურიც „ინეოსის“ ველომრბოლებმა, ავსტრალიელმა რიჩი პორტემ და ტურ დე ფრანსის ყოფილმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა გერეინ თომასმა დაიკავეს.
იეიტსმა, ვინც „ინეოს გრენადერსში“ წელს გადავიდა, კატალონიის ტურის მესამე ეტაპის მოგებით იგდო ხელთ ლიდერობა და ის ბოლომდე შეინარჩუნა. საბოლოოდ, პორტეს (კატალონიის ტური 2015 წელს აქვს მოგებული) 45 წამით, თომასს კი 49 წამით აჯობა. მეოთე ადგილი კი ვეტერანმა ესპანელმა ალეხანდრო ვალვერდემ (მოვისტარი) და ჰოლანდიელმა ვილკო კელდრმანმა (ბორა-ჰანსგრო) გაიყვეს.
ბოლო, მეშვიდე ეტაპი სპრინტერული იყო და ის ბელგიელი თომას დე გენდტის გამარჯვებით დასრულდა. მან ფინიშამდე ხუთი კილომეტრით ადრე შეძლო სლოვენიელი მატეი მოჰორიჩის (ბაჰრეინ ვიქტორიოუს) ჩამოტოვება და საბოლოოდ, მას 22 წამით აჯობა. პელოტონს ფინიშთან 4 წამით მიასწრო უნგრელმა ატილა ვალტერმა (გრუპამა) და მესამე ადგილი დაიკავა.
რბოლაში მონაწილეობდა ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონი, ბრიტანელი კრის ფრუმი, ვინც „ინეოსი“ შარშან დატოვა და ამ სეზონიდან, „ისრაელ სტარტ აპ ნეიშენთან“ ერთად ასპარეზობს. ფრუმს შვიდ ეტაპზე თავი არაფრით გამოუჩენია და საბოლოოდ, 81-ე ადგილს დასჯერდა.







