ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონი ისე დაიწყო, როგორც რბოლების მოყვარულები ინატრებდნენ - უშეღავათო ბრძოლით, რომელშიც გამარჯვებისთვის, მეტნაკლებად თანაბარი დონის ორი გუნდის ორი სუპერ მრბოლი, ბოლო წამებამდე იბრძოდა.
პარასკევის და შაბათის პრაქტიკების და კვალიფიკაციის შემდეგ, ყველაზე სწრაფი „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენი იყო, რბოლაშიც ყველაზე სწრაფი ის იყო, მაგრამ „მერსედესის“ მიერ უზუსტესად გათვლილი ტაქტიკის და ლუის ჰამილტონის ჩემპიონის შესაფერისი რბოლის წყალობით, გამარჯვება მათვე დარჩათ.
ბრძოლა მეტწილად იყო ტაქტიკური, მაგრამ სტარტიდან ფინიშამდე იგრძნობოდა, რომ ფერსტაპენს გამარჯვებას იოლად არავინ დაუთმობდა. ჰოლანდიელმა პრაქტიკულად უშეცდომოდ განვლო მთელი გზა. მხოლოდ ერთხელ შეცდა, როცა ჰამილტონის გასწრებისას, გზიდან გადავიდა და ტრასაზე დაბრუნებულმა, მეტოქეს გზა გადაუჭრა, რის გამოც, მას ჰამილტონისთვის გზის დათმობამ მოუწია. ამის შემდეგ კი, დარჩენილ ორ წრეზე, ბრიტანელმა პოზიცია წარმატებით დაიცვა.
„მერსედესმა“ ჰამილტონის ტაქტიკა პირველივე პიტსტოპზე შეცვალა, რომელიც დაგეგმილზე ადრე (მე-14 წრეზე) შეასრულა და მის მანქანას მყარი საბურავები (ჰარდები) დაუყენა. განსხვავებული ტაქტიკით გააგრძელა ასპარეზობა ვალტერი ბოტასმა. ფერსტაპენს პირველი სტოპის შემდეგ საშუალო სიმყარის საბურავები (მედიუმები) დაუყენეს. მან თავისი სტოპი 4 წრის დაგვიანებით შეასრულა და ტრასაზე დაბრუნებული, ჰამილტონის უკან აღმოჩნდა.
ჰამილტონს მეორე პიტსტოპზე 29-ე წრეზე უხმეს. ეს მყარი საბურავებისთვის მეტისმეტად მოკლე შუალედი იყო, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ისევ ჰარდებზე დააყენეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ რბოლის ბოლოსთვის, მისი რეზინი 20-27 წრის ნამუშევარი და შესაბამისად, გვარიანად გაცვეთილი იქნებოდა, რაც მისი მეტოქისთვის შანსი უნდა მიეცა. ფერსტაპენს მეორე პიტსპოტი მე-40 წრეზე ჰქონდა და მის მანქანას ამჯერად ჰარდები დაუყენეს.
ტრასაზე დაბრუნებული ჰოლანდიელი, ჰამილტონისგან დაახლოებით 8 წამის დაშორებით აღმოჩნდა. სწორედ აქედან დაიწყო დევნა, რომელიც ყველამ იცოდა, რომ აუცილებლად დაწევით დასრულდბოდა, მაგრამ იქნებოდა თუ არა გასწრება? 51-ე წრისთვის, როცა დაწევა იყო მოსალოდნელი, ჰამილტონის ჰარდებს 22 წრე ექნებოდა ნამუშევარი, ფერსტაპენისას კი - 12. ჰოლანდიელმა ამით სერიოზული უპირატესობა მიიღო და ლიდერს სწორედ 53-ე წრეზე დაეწია.
მისი პირველივე შეტევა წარმატებით განხორციელდა - ფერსტაპენი დაწინაურდა, მაგრამ გასწრების მომენტში ტრასის მიჯნა ოთხივე საბურავით გადალახა. ეს კი ნიშნავს, რომ გასწრება ტრასის მიღმა მოხდა, რაც დაუშვებელია. ამიტომ, გუნდმა რადიოთი მაშინვე გააფრთხილა, რომ პოზიცია უნდა დაეთმო. ის ასეც მოიქცა და ამის შემდეგ, მის მცდელობას შედეგი აღარ მოჰყოლია.
მესამე ადგილი ბოტასმა დაიკავა, ვისაც ბოლოსწინა წრეზე საბურავები შეუცვალეს და მანაც უსწრაფესი წრე დააფიქსირა. ეს რომ არა, უსწრაფესი წრისთვის განკუთვნილ 1 ქულას ფერსტაპენი მიიღებდა. მეოთხეზე „მაკლარენის“ ლანდო ნორისი გავიდა, ვინც სეზონის დაწყებამდე კი ამბობდა, ლიდერებს და საშუალოებს შორის სხვაობა თითქმის აღარ არისო, მაგრამ ბაჰრეინის რბოლამ მხოლოდ ის აჩვენა, რომ ლიდერი ერთი აღარაა. დანარჩენებს კი ნამცეცებისთვის ბრძოლა მოუწევთ. თავად განსაჯეთ, ჰამილტონმა და ფერსტაპენმა ყველა მეტოქე ნახევარ წუთზე მეტით ჩამოიტოვეს. ამ ყველაში არ შედის მხოლოდ ბოტასი, ვისაც დამატებითი, მესამე პიტსტოპი სწრაფი წრისთვის ჩაუტარეს.
შესანიშნავად იასპარეზა სერხიო პერესმა, ვისაც გასახურებელ წრეზე ელექტრონიკა გაეთიშა და სტარტის რიგში დადგომა ვერ შეძლო. ამის გამო, გასახურებელი წრე განმეორებით ჩატარდა. ბედად, პერესმა მანქანის დაქოქვა შეძლო და ბოქსებს მიაშურა, საიდანაც აიღო კიდეც სტარტი. საბოლოოდ კი ფინიშს მეხუთემ მიაღწია.
თავის სადებიუტო რბოლაშივე ქულები აიღო იაპონელმა იუკი ცუნოდამ. მის თანაგუნდელ პიერ გასლის არ გაუმართლა - რბოლას ფინიშამდე 4 წრით ადრე გამოეთიშა. ასპარეზობა ვერც ფერნანდო ალონსომ დაასრულა, ვისაც ტექნიკამ უმტყუნა. სებასტიან ფეტელს „ასტონ მარტინში“ ცუდი დებიუტი ჰქონდა - მე-15 ადგილი.
რბოლის დასაწყისშივე, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გახდა გამოსასვლელი - „ჰაასის“ რუსმა დებიუტანტმა ნიკიტა მაზეპინმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რბოლა მაშინვე, დამცავ ზღუდესთან, დამტვრეული მანქანით დაასრულა. მისმა თანაგუნდელმა, ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შვილმა, მიკ შუმახერმა მე-16 ადგილი დაიკავა.
ბაჰრეინის დიდი პრიზი
სახირი, დისტანცია 308.238 კმ (5.412 კმ, 57 წრე)
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:32'03.897
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.745
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 37.383
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 46.466
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 52.047
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 59.090
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'06.004
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1'07.100
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'25.692
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'26.713
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1'28.864
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1 წრე
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 4 წრე
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 5 წრე
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 24 წრე
- ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 56 წრე
უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:32.090 (56-ე წრე)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 25 ქულა; 2. მაქს ფერსტაპენი - 18; 3. ვალტერი ბოტასი - 16; 4. ლანდო ნორისი - 12; 5. სერხიო პერესი - 10; 6. შარლ ლეკლერი - 8; 7. დანიელ რიკარდო - 6; 8. კარლოს საინსი - 4; 9. იუკი ცუნოდა - 2; 10. ლანს სტროლი - 1
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. მერსედსი - 41 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 28; 3. მაკლარენ-მერსედესი - 18; 4. ფერარი - 12; 5. ალფატაურიჰონდა - 2