ავტოსპორტი

0:50 | 28.03.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ფორმულა 1-ის სეზონი ფერსტაპენის პოულით დაიწყო

ბაჰრეინში სტარტი აიღო ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონმა. როგორც წინასასეზონო ტესტების და თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ იყო მოსალოდნელი, „მერსედესი“ ამჯერად ვერ არის უპირობო ლიდერი. მოწინავეებს სხვებიც წამოეწიენ. მათ რიგებს „მაკლარენი“ და „ფერარი“ ეპარებიან. და „ალფატაურისაც“ ეტყობა, რომ მისგან სიურპრიზებს ამ სეზონშიც უნდა ველოდოთ.

მაქს ფერსტაპენი ჯერჯერობით ყველაფერს იგებს - სამივე პრაქტიკაზე ყველაზე სწრაფი იყო და კვალიფიკაციაც მანვე მოიგო. ოღონდ, ბოლო მომენტამდე უცნობი იყო, ჰოლანდიელი შეძლებდა თუ არა კვალიფიკაციის მოგებას. ამის მიზეზი, ისევ და ისევ, ლუის ჰამილტონი იყო, რომელმაც ბოლო ცდაზე, საუკეთესო დრო დააფიქსირა. თუმცა რამდენიმე წამში ფერსტაპენმა ჩემპიონის იმედს წერტილი დაუსვა.

„საბოლოოდ, ეს წრე კარგი გამოვიდა“, - ამ სიტყვებით აღნიშნა თავისი გამარჯვება „რედ ბულის“ მრბოლმა, ვინც როგორც ჩანს, ამ სეზონში ჰამილტონს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

ფერსტაპენმა ჰამილტონს 0.388 წამით აჯობა. მესამე საუკეთესო დრო ვალტერი ბოტასს აქვს, რომელსაც შარლ ლეკლერი და პიერ გასლი მოჰყვებიან. სებასტიან ფეტელმა კვალიფიკაციის პირველივე ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო.

„მთელი კვირა მანქანა ძალიან კარგად მუშაობს, მართლა სასიამოვნო სამართავია. მეც კარგად ვიმუშავე და პოულის მოგებით გახარებული ვარ. Q3-ში პირველი წრე საუკეთესო არ იყო. იღბლად, როცა საჭირო იყო, კარგად გავიარე. ჩვენ კარგი მანქანა გვაქვს. ჰოდა მინდა კარგი სტარტი და პირველი წრე“, - ამბობს ფერსტაპენი.

„მაქსი ბოლო წრეზე ძალიან სწრაფი იყო. მე ყველანაირად ვცადე მისი ჯობნა, მაგრამ ეს საკმრისი არ აღმოჩნდა. ტესტების შემდეგ, კარგად ვიმუშავეთ და რედ ბულთან ჩამორჩენა შევამცირეთ“, - განაცხადა ჰამილტონმა.

ფერსტაპენის ახალი თანაგუნდელი სერხიო პერესი მხოლოდ მე-11 შედეგს დასჯერდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ მექსიკელმა მყარი საბურავებით იასპარეზა, რამაც კარგი დროის დაფიქსირების საშუალება არ მისცა. მან თავისი უკმაყოფილება გუნდის რადიოში, უწმაწური სიტყვებით გამოხატა. თუმცა მოგვიანებით განაცხადა, წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მანქანას შეჩვეული ჯერ არ ვარო. მას სეზონის დაწყებამდეც ნათქვამი აქვს, მანქანასთან შესაჩვევად 5 რბოლა მაინც დამჭირდება და ჩემგან კარგ შედეგებს ამის შემდეგ ელოდეთო.

დაბოლოს, დღეს თავის „ალფატაურის“ ახალწვეულმა, იაპონელმა იუკი ცუნოდამაც გამოიჩინა: მართალია, მან კვალიფიკაციის მესამე ნაწილში გასვლა ვერ შეძლო, მაგრამ პირველ ნაწილში, მეორე საუკეთესო დრო ჰქონდა.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'28.997
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'29.385
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1'29.586
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'29.678
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'29.809
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'29.927
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'29.974
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1'30.215
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1'30.249
  10. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'30.601
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1'30.659
  12. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1'30.708
  13. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'31.203
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1'31.238
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1'33.430
  16. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'31.724
  17. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1'31.936
  18. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'32.056
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1'32.449
  20. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 1'33.273
0.228563