ძიუდო

15:01 | 27.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრან სლემზე მეორე დღე საქართველოსთვის წარუმატებელი გამოდგა

ძიუდოში თბილისის გრან სლემი გრძელდება, მაგრამ საქართველოსთვის მეორე საშეჯიბრო დღე არც ისე წარმატებულია. ოქროს მედლის მოპოვების შანსი უკვე არ არსებობს, ხოლო 10 ქართველი ძიუდოისტიდან 7 ასპარეზობას პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა. თუმცა, დანარჩენი სამი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს.

73 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანმა პოლონელი კსავერი მორკა დაამარცხა, მაგრამ შემდეგ თვითონ დამარცხდა კანადელ არტურ მარგელიდონთან და ასპარეზობას გამოეთიშა, თორნიკე გვიჩიანმა კი პირველივე დაპირისპირება ბრიტანელ ერიც ჰამთან დათმო. ამავე წონაში მედლისთვის იბრძვის ორი ქართველი ძიუდოისტი. ლაშა შავდათუაშვილმა მეოთხედფინალამდე ეგვიპტელი მოჰამედ მოჰიელდინი და კუბელი მაგდიელ ესტრადა დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში რუსი დენის იარცევის წინააღმდეგ მარცხი იწვნია და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უზბეკ მუროდიონ იულდოშევს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის კოსოვოელ აკილ გიაკოვას შეხვდება. ალეკო მამიაშვილმა პირველი შეხვედრა უზბეკ ობიდხონ ნომონოვთან მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მონღოლ ცოგტაბატარ ცენდ-ოჩირთან წააგო და რეპეშაჟში სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანთან იმარჯვა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედლისთვის გავა ტატამზე და მისი მეტოქე რუსი დენის იარცევი იქნება.

81 კგ წონით კატეგორიაშიც დღეს საქართველოს მაქსიმუმი ბრინჯაოს მედლი თუ იქნება. ტატო გრიგალაშვილმა ყატარელი ხალილ რებაჰი, ყაზახი დიდარ ხამზა და აზერბაიჯანელი მურად ფატიევი დაჯაბნა და ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ იქ ბელგიელ სამი ჩოუჩისთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის რუს ალან ხუბეცოვს დაუპირისპირდება. ამავე წონაში პირველივე შეხვედრები წააგეს და უმედლოდ დარჩნენ გიგა გიგაური, დიმიტრი გოგლიჩიძე და გიორგი შერაზადიშვილი

ქალთა შორის ტატამზე ორი ქართველი გავიდა და ორივემ პირველივე შეხვედრაში წააგო. მარიამ ჭანტურია (70 კგ) ნიდერლანდელ დონია ვოსთან დამარცხდა, ხოლო ინდირა სილაგაძემ (63 კგ) კანადელ იზაბელ ჰარისთან ვერაფერი გააწყო.

შეგახსენებთ, თბილისის გრან სლემზე გუშინ საქართველომ სამი მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე (60 კგ) ოქროს დაეუფლა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ვეცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117025