„ფერარის“ მონაკოელი პილოტი შარლ ლეკლერი ვარაუდობს, რომ მის გუნდს, შარშანდელი სუსტი გამოსვლის შემდეგ, სწრაფად გამოცოცხლება გაუჭირდება. ის ფიქრობს, რომ გუნდს წელს მნიშვნელოვნად უკეთესი შედეგების ჩვენება გაუჭირდება.
არაკონკურენტული მანქანის მიუხედავად, ლეკლერმა შარშან ორჯერ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. მაგრამ კონსტრუქტორთა პირველობაზე, „ფერარის“ ბოლო 40 წელიწადში ყველაზე უარესი შედეგი ჰქონდა. ახალი სეზონის წინ, გუნდებს მანქანების სრულყოფაზე მკაცრი შეზღუდვები ჰქონდათ, რაც „ფერარისთვის“ იმას ნიშნავს, რომ ფორმაში სწრაფად შესვლა რთული იქნება.
„ვიცი, რომ რეალისტი უნდა ვიყო, რაც ნიშნავს, რომ ძალიან რთული სეზონი გველის. მაგრამ ეს ჩემს მოტივაციას ვერ შეცვლის. თუ გვაქვს მანქანა, რომლითაც მეექვსე ადგილის დაკავება შეგვიძლია - ამას მაგალითისთვის ვამბობს, ჩემი დიდი მოტივაცია ის იქნება, რომ ამ მანქანით მესამე, მეორე ან პირველი ადგილისთვის ვიბრძოლო“, - ამბობს ლეკლერი.
„ტესტებისთვის მხოლოდ სამი დღე გვქონდა, რაც წინა წლებთან შედარებით, ძალიან ცოტაა. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ამ სამ დღეში ვგეგმავდით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კარგი მომზადება იყო და ახლა იმის დროა, რომ ჩვენი შესაძლებლობები რეალური რბოლისას ვნახოთ“, - დასძენს ლეკლერი.
„ფერარის“ სპორტული დირექტორი ლორენ მეკისი ამბობს, რომ ახალი ძალური დანადგარი, მის წინამორბედთან შედარებით, წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. თუმცა ლეკლერი არ ჩქარობს დასკვნების გაკეთებას და ამბობს, რომ საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ, რეალური სურათი უფრო გამოიკვეთება. და მაინც დასძენს, რომ მანქანის მართვადობასთან დაკავშირებით, პროგრესი აშკარაა.