დღეს ბაჰრეინის სახირის ტრეკზე, ფორმულა 1-ის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. გაიმართა თავისუფალი პრაქტიკები, რომლებმაც გაამყარა იმის მოლოდინი, რომ „მერსედესს“ ამჯერად მდევრის როლში მოუწევს ყოფნა. ან, სულ ცოტა, ისეთი დომინანტი აღარ იქნება, როგორიც წინა წლებში იყო.
პრაქტიკების მიხედვით, გუნდების შესაძლებლობების შეფასება ძნელია, მაგრამ „მერსედესი“ თავად აღიარებს ბალანსთან დაკავშირებულ პრობლემებს, „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენმა კი ორივე პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ჰამილტონი მხოლოდ მესამე იყო, ფერსტაპენზე 0.235 წამით უარესი შედეგით.
მათ შორის, კრიზისიდან თავდაღწეული „მაკლარენის“ ლანდო ნორისია, ვინც ფერსტაპენს 0.1 წამზე ნაკლებით ჩამორჩა. ჰამილტონთან ახლოსაა „ფერარის“ ახალწვეული კარლოს საინსი, თუმცა ისიც და მისი თანაგუნდელი შარლ ლეკლერიც ფიქრობენ, რომ კვალიფიკაციაზე უფრო გაუჭირდებათ.
პრაქტიკების შემდეგ ჰამილტონმა განაცხადა, რომ მისი „მერსედესი“ ყველაზე სწრაფი მანქანა აღარაა: „იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ტესტების დროს, მაგრამ სრულყოფილებამდე ჯერაც შორს ვართ. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია, მაგრამ დიდი აღმართის გავლა მოგვიწევს. ჩვენ ველოდით, რომ რედ ბული ისეთი სწრაფი იქნებოდა, როგორიც დღეს იყო. ამ მომენტში ლიდერები ისინი არიან. და მაკლარენიც შესანიშნავად გამოიყურება“.
რაც მთავარია, პრაქტიკებზე პირველი 15 პილოტი წამზე ნაკლებმა დააშორა. ეს კი ნიშნავს, რომ გუნდებს შორის სხვაობა შემცირდა, რაც საინტერესო რბოლების მომასწავებელი უნდა იყოს.
მე-14-15-16 შედგები ჰქონდათ მსოფლიო ჩემპიონებს - (შესაბამისად) სებასტიან ფეტელს, ფერნანდო ალონსოს და კიმი რაიკონენს. მხოლოდ მე-18 დრო ჰქონდა დებიუტანტ მიკ შუმახერს. თუმცა აუტსაიდერ „ჰაასის“ მანქანით უკეთესი შედეგიც არარეალურია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია