ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და დაასახელა კლუბები, რომლებშიც გადასვლა ქართველისთვის უკეთესი იქნება, ვიდრე მაგალითად „იუვენტუსში“ ან „მილანში“.
„ვფიქრობ, ხვიჩა მზად არის. „მილანი“ და „იუვენტუსი“? მან უნდა გაიაროს შუალედური ეტაპი, „იუვენტუსი“ და „მილანი“ ხომ ტოპები არიან. მას სჭირდება შუალედური ნაბიჯი რუსეთის პრემიერლიგასა და უმაღლეს დონეს შორის. საბედნიეროდ, ასაკი და უნარების დონე საშუალებას იძლევა. მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, „სევილიას“, „ატალანტას“, „ლევერკუზენის“ მსგავს გუნდში გადავიდოდი.
ხვიჩას სიგიჟემდე უყვარს ფეხბურთი და თუ საკმარისი სათამაშო დრო არ ექნება, შეიძლება შიგნიდან დაიწვას. თუ ბავშვს სათამაშოს წაართმევ, მისდამი სიყვარული შეიძლება გაუქრეს. ხვიჩას სჭირდება ისეთ კლუბში წასვლა, სადაც მას გარანტირებული ექნება სათამაშო დრო. არ ვარ დარწმუნებული, რომ „მილანსა“ და „იუვენტუსში“ ეს პირველივე სეზონში მოხდება. ის შეჩვეულია ბევრ თამაშს და უთამაშებლობა პრობლემა იქნებოდა“, - თქვა სლუცკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ორივე იტალიურ გუნდს უკავშირებენ. მას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 20 თამაშში თავი 3 გოლით, 4 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.