ძიუდო

15:45 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

3 ოქროს და 2 ბრინჯაოს შანსი თბილისის გრან სლემზე

ძიუდოში თბილისის გრან სლემმა სტარტი აიღო და პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სამი ფინალისტი ჰყავს, ხოლო მთლიანობაში ხუთი მედლის მოპოვების შანსი არსებობს.

60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე ფინალშია. ის ასპარეზობაში ყაზახ ტოკტარ უმუტალიევთან დაპირისპირებით ჩაერთო და იმარჯვა, ხოლო შემდეგ ესპანელი ნუნიეს როდრიგესი დაამარცხა. მეოთხედფინალში თემურმა მონღოლ არიუნბოლდ ენხტაივანს აჯობა და ნახევარფინალში ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას სძლია. ფინალში ნოზაძე უზბეკ კემრან ნურილაევს გაეჯიბრება. ამავე წონაში კიდევ ორმა ქართველმა მოსინჯა ძალები. შაქრო შათირიშვილი ალბანელ ისამ ბასოუსთან პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, ხოლო ლაშა ჩადუნელმა ჯერ მონღოლ უნობოლდ ლხაგვაიმაცს მოუგო, მაგრამ მერე რუს კონსტანტინ სიმეონიდისთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

66 კგ წონით კატეგორიაში ფინალს უწია ვაჟა მარგველაშვილმა. მან ჯერ ყატარელი აიუბ ელიდრისი დაამარცხა, მერე ისრაელის წარმომადგენელ ამიტ ბობოვიჩს აჯობა და მეოთხედფინალში ბაგრატ ნინიაშვილს დაუპირისპირდა, რომელსაც მოუგო. თავის მხრივ ბაგრატმა იქამდე პერუელ ხუან პოსტიგოსსა და მაროკოელ იმად ბასუს მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში მარცხის შედეგად რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პირველ შეხვედრაში უზბეკი მუხრიდან ტილოვოვი დაჯაბნა და ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება აშორებს - მისი მეტოქე მონღოლი ხერლან განბოლდი იქნება. რაც შეეხება მარგველაშვილს, მან ნახევარფინალში დენის ვერიუს სძლია და ფინალი უზბეკ სარდორ ნურილაევთან ელოდება. ამავე წონაში ბექა წიფიანმა ებრაელი ამირ დანტე დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ხერლან განბოლდთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

საქართველოს მესამე ფინალისტი ქალთა შორის ჰყავს. 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი დიდებულად ასპარეზობს. მან ბრიტანელი ასელია ტოპრაკი, სამხრეთ აფრიკელი დონი ბრეიტენბახი და რუსი დარია მეჟენცკაია მიყოლებით დაამარცხა, ნახევარფინალში კი კანადელ მსოფლიოს ჩემპიონ კრისტა დეგუჩისაც აჯობა. ლიპარტელიანი ფინალში კოსოვოელ ნორა გიაკოვას გაეჯიბრება და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ქალთა შორის მეორე მედლის შანსიც არსებობს. 52 კგ წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ბრინჯაოსთვის იბრძვის. მან შვეცირიელი ფაბიენ კოხერი, მონღოლი ხორლოოდი ბიშრელტი და ნიდერლანდელი ნაომი ვან კრეველი დაამარცხა და ნახევარფინალს უწია, სადაც სამწუხაროდ იტალიელ ოდეტე ჯუფრიდასთან მარცხი განიცადა. ბრინჯაოს მედლისთვის ლევიცკა-შუკვანი უნგრელ რეკა პუპს შეხვდება. ამავე წონაში ორი ქართველი კიდევ ასპარეზობდა - მზია ბებოშვილმა ბრაზილიელ ლარისა პიმენტასთან პირველივე ბრძოლაში ვერაფერი გააწყო, ხოლო მარიამ ჯანაშვილი ასევე პირველ შეხვედრაში ფინალისტ ჯუფრიდასთან დამარცხდა. აქვე გეტყვით, რომ ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125153