ძიუდოს თბილისის გრან სლემი უმაყურებლოდ ჩატარდება. აღნიშნული განკარგულება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მას შემდეგ გასცა, რაც დელეგაციებში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა. გულშემატკივრებს, რომლებმაც ბილეთები უკვე შეიძინეს, თანხა უკან დაუბრუნდება.
"მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა, რომ საქართველოში პირველი გრან სლემი ქართველი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარებულიყო, რისთვისაც ფაქტობრივად, ყველაფერი იყო გაკეთებული და მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება მაყურებლის გარკვეული რაოდენობის დასწრების შესახებ, სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ დელეგაციებში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. PS: უკვე შეძენილი ბილეთების თანხა გულშემატკივრებს ეტაპობრივად უკან დაუბრუნდება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან სლემზე დარბაზის ტევადობის 30%-ზე მაყურებლები დაიშვა, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციამ მასპინძელს ხალხის დარბაზში შეშვების უფლება არ მისცა.
თბილისის გრან სლემი 26-28 მარტს გაიმართება. თავდაპირველად ტურნირში 36 ქართველი ძიუდოისტი უნდა გამოსულიყო, მაგრამ 6 მათგანი გამოაკლდა და შესაბამისად, საქართველოს ღირსებას 30 ძიუდოისტი დაიცავს.