ფეხბურთი

0:48 | 25.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

Il milanista: მალდინის სიაში ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა და ესპანეთთან დააკვირდებიან

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას „მილანის“ ხელმძღვანელობა სერიოზულად აკვირდება. რამდენიმე დღის წინ Calciomercato წერდა, რომ 20 წლის ჩვენებურით „იუვენტუსი“, „დორტმუნდი“ და „მილანი“ იყვნენ დაინტერესებული და მას თბილისში, ესპანეთთან მატჩში დააკვირდებოდნენ.

ამჯერად, იგივეს Il milanista წერს, რომელიც იტყობინება, რომ პაოლო მალდინისა და ფრედერიკ მასარას სიაში ამჯერად ახალგაზრდა ქართველი მოხვდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ „როსონერისთვის“ ხვიჩას „მილანელოზე“ გადაბირება ადვილი არ იქნება.

დაბრკოლების მთავარი მიზეზი კონკურენციაა, რადგან კვარაცხელიაზე თვალი „იუვენტუსსა“ და „დორტმუნდსაც“ უჭირავთ. გარდა ამისა, „რუბინი“ მას იაფად არ შეელევა თუ ხელსაყრელ პირობებს არ მიიღებს და ლომბარდიულებს სარფიანი წინადადების მომზადება მოუწევთ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს და რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში მან რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი მიითვალა და 3-ჯერ პენალტი გამოიმუშავა.

0.131722