არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს მუხლზე კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება უწევს. მაგრამ გაჭიანურებული მკურნალობის მიუხედავად, იმედი აქვს, რომ ოლიმპიადისთვის მომზადებას მოასწრებს.
აშშ-ის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი და მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი, მუხლის ტრავმებმა გააწამა. მან საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა, რომ ჩიკაგოში დღეს ოპერაციას გაიკეთებს.
„ჩვენ კონსერვატიული თერაპია ვცადეთ, მაგრამ ტკივილმა არ გამიარა. ექიმმა იცის, რომ ჩოგბურთის თამაში და ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა მინდა. ამიტომ შევთანხმდით, რომ კარგი იქნება, თუ ოპერაციას, რაც შეიძლება მალე გავიკეთებ“, - ამბობს დელ პოტრო.
არგენტინელ ჩოგბურთელს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე კი ვერცხლს დაეუფლა. შანჰაის 2018 წლის მასტერსზე თამაშისას, მუხლის ტრავმა მიიღო, რომელზეც უკვე სამჯერ აიკეთა ოპერაცია. მათგან ბოლო შარშან, აგვისტოში.
დელ პოტრო ახლა 32 წლისაა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ სპორტული კარიერის ტრავმის გამო დასრულება არ სურს. ბოლოს მან 2019 წელს ითამაშა. ახლახანს მას მამა გარდაეცვალა. არგენტინელი ამბობს, რომ დაბრუნებაზე მისი მოტივაცია ისევ მაღალია და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისევ ითამაშოს.
ტოკიოს ოლიმიადაზე მამაკაც ჩოგბურთელთა ტურნირი 24 ივლისს დაიწყება.