კალათბურთი

1:36 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული და "ტენერიფეს" გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

ესპანურმა „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა, გიორგი შერმადინი კი როგორც შეგვაჩვია, საუკეთესო იყო. J ჯგუფის მეოთხე ტურში კანარიელებმა შინ ბოსნიური „იგოკეა“ 5-ქულიანი სხვაობით 80:75 დაამარცხეს და მიუხედავად იმისა, რომ გაუჭირდათ, მნიშვნელოვანი თამაში მაინც მოიგეს.

შერმადინმა 20:10 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა.

შერმადინი როგორც ქულების, ისე მარგი ქმედების კოეფიციენტით მხოლოდ „იგოკეას“ ამერიკელ ლეგიონერ ჯეკი კარმაიკლს ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა მიითვალა და 27 ჰქონდა სარგებლიანობის მაჩვენებელი. თუმცა, ვინაიდან თამაში ესპანელებმა მოიგეს, MVP-ის ტიტული ქართველ ცენტრს ერგო.

„ტენერიფეს“ ოთხი ტურის თავზე 3 გამარჯვების საპირისპიროდ 1 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო მომდევნო შეხვედრას 31 მარტს, ლატვიაში, „რიგასთან“ გამართავს.

0.123011