სერენა უილიამსი კიდევ ერთი ჩოგბურთელია, ვინც მაიამის ღია პირველობაზე თამაშს ვერ შეძლებს. ამერიკელმა გამოაცხადა, რომ პირის ღრუს ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც თამაშს ვერ შეძლებს.
ამგვარად, მაიამის ტურნირს დააკლდებიან ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, დომინიკ თიმი და სერენა უილიამსი. ამათგან ჯოკოვიჩმა პარასკევს გამოაცხადა, რომ ოჯახთან მეტი დროის გატარება სურს, მაიამიში ჩასვლის შემთხვევაში კი, პანდემიური კარანტინის გამო, ბევრი დროის დაკარგვა მოუწევს.
ნადალს და თიმს ტრავმა აწუხებთ, ფედერერი კი აქცენტს ბალახის კორტების სეზონისთვის მზადებაზე აკეთებს, რადგან მისი მთავარი მიზანი, უიმბლდონზე გამარჯვებაა.
უილიამსს, ვისაც მაიამის ტურნირი რვაჯერ აქვს მოგებული, გამოცემა „მაიამი ჰერალდთან“ საუბრისას, არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რისი ოპერაცია გაიკეთა: „სამწუხაროდ იძულებული ვარ, მაიამის ღია პირველობიდან მოვეხსნა, რადგან ახლახანს პირის ღრუს ოპერაცია გავიკეთე და მზად არ ვარ. მაიამი ჩემთვის განსაკუთრებული ტურნირია, რადგან ეს ჩემი საშინაო ტურნირია. ვწუხვარ, რომ ამჯერად ჩემს განსაკუთრებულ ფანებს ვერ შევხვდები. მაგრამ იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები“.
მაიამის ღია პირველობა, WTA-ს ტურზე უმაღლესი კატეგორიის ტურნირია, ATP-ს ტურზე კი მასტერს 1000-ის კატეგორიისაა.
სერენას ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში წაგების შემდეგ, ერთხელაც არ უთამაშია. ამ სეზონში მისი მთავარი მიზანი, დიდი სლემის 24-ე ტიტულის მოპოვებაა.