სხვა

2:50 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სლალომის გლობუსი ლინსბერგერს, დიდი გლობუსი ვლჰოვას

შვეიცარიის ლენცერჰაიდეში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის ფინალური რბოლები ტარდება. დრეს სლალომის რბოლა გაიმართა, რომელიც ავსტრიელი კატარინა ლინსბერგერის (ფოტოზე) გამარჯვებით დასრულდა. მანვე სლალომში ბროლის გლობუსი მოიპოვა. სლოვაკი პეტრა ვლჰოვა კი მსოფლიო თასის აბსოლუტური გამარჯვებული გახდა და ბროლის დიდ გლობუსს დაეუფლა.

კორტინას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ლინსბერგერი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და სეზონის მიწურულს შეძლო სლალომში დაწინაურება. მან კარიერაში პირველად მოიპოვა ბროლის გლობუსი. მან ვლჰოვას გარდა, ასევე კარგ ფორმაში მყოფ ამერიკელ მიკაელა შიფრინსაც აჯობა.

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში ვიყავი სლალომოს გლობუსის მოსაგებად. მეტი რა უნდა ვინატრო, თუმცა შესაძლოა უფრო მეტსაც მივაღწიო“, - განაცხადა ლინსბერგერმა, ვინც 1.24 წამით აჯობა მეორეზე გასულ შიფრინს. მასთან თითქმის ორწამიანი ჩამორჩენით, კვარცხლბეკის მესამე საფეხური შვეიცარიელმა მიშელ ჟისენმა დაიკავა. ვლჰოვა კი, ვინც ბოლო რბოლის წინ, სლალომის ლიდერი იყო, მეექვსე ადგილს დასჯერდა. მან პირველი ცდა გააფუჭა და მეორეზე დანაკარგის აღმოფხვრა ვერ შეძლო.

სამაგიეროდ, ესეც საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ სლოვაკს დიდი გლობუსი დაესაკუთრებინა. ეს აბსოლუტურ ჩათვლაში მისი პირველი ტრიუმფია. ბოლო რბოლის (გიგანტური სლალომი) წინ, ის 136 ქულას უგებს აბსოლუტურში მეორეზე მყოფ შვეიცარიელ ლარა გუტ-ბერამის და შესაბამისად, მიუწვდმელია.

„ჩემთვის ეს მეტად რთული სეზონი იყო. ბევრ რბოლაში მივიღე მონაწილეობა. ახლა შემიძლია ვთქვა - მე ეს შევძელი. როგორც სლოვაკი, დიდი გუნდის წევრი არ ვარ. ჩვენ არ ვართ სამთო თხილამურობის დიდი ქვეყანა. ამიტომ, ეს თასი ჩემთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც ბევრს ნიშნავს. ალბათ დრო დამჭირდება ამის გასაცნობიერებლად“, - განაცხადა ვლჰოვამ.

ამგვარად, კვირის გიგანტური სლალომის წინ, ქალთა შორის ყველა გლობუსი განაწილებულია. გიგანტურ სლალომში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. ესაა იტალიელი მარტა ბასინო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.184985