ჭიდაობა

22:44 | 20.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი ლიცენზია მოიპოვეს!

უნგრეთის დედაქალაქ მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ლიცენზია მოიპოვა! ხალიჩაზე ოთხი ქართველი გავიდა, საიდანაც ფინალში ორმა შეძლო გასვლა და ეს ავტომატურად უდრის ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს. შედეგად, ბერძნულ-რომაულში 6 წონიდან ოთხში ლიცენზია უკვე მოპოვებულია, ორისთვის ბრძოლა მაისში გაგრძელდება.

67 კგ კატეგორიაში ფინალამდე მივიდა და შესაბამისად, ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია გაიფორმა რამაზ ზოიძემ. მან შესანიშნავად იასპარეზა და უკრაინელ არტურ პოლიტაიევს აჯობა, შემდეგ ხორვატი დანიელ იანეჩიჩი 8:0 დაამარცხა. ნახევარფინალში რამაზი სომეხ სლავიკ გალციანს გაეჯიბრა და ამ დაპირისპირებაში გადაწყდა ლიცენზიის ბედი. ქართველი ფალავნის უპირატესობა თვალშისაცემი იყო - 10:1. ზოიძე ხვალ ფინალში უნგრელ ბალინტ კოპრაშის დაუპირისპირდება, მაგრამ ეს ფინალი ფორმალობაა, რადგან ორივეს გარანტირებული აქვს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.

87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ ასპარეზობა თურქ მეთეჰან ბაშართან გამარჯვებით დაიწყო და ამას მეოთხედფინალში სომეხ არტურ შაჰინიანთან გამარჯვება მოჰყვა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა და ლიცენზიისთვის ბრძოლაში რუსი მილად ალირზაევი 9:5 დაამარცხა. ლაშა ხვალ ფინალში აზერბიაჯანელ ისლამ აბასოვს გაეჯიბრება, მაგრამ ორივემ უკვე მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიადის საგზური და ფინალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.

60 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ძიმისტარიშვილი ასპარეზობდა, რომელმაც პირველივე შეხვედრა თურქ ქერემ ქამალთან წააგო (1:5) და ლიცენზიის შანსი ამ ტურნირზე დაკარგა, ხვალ კი რეპეშაჟში მოლდოველ ვიქტორ ჩიობანუს შეხვდება. 77 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ ასპარეზობა კარგად დაიწყო და რუმინელ ილიე ჩოიოჩარის 6:2 აჯობა, მაგრამ მერვედფინალში რუს ალექსანდრ ჩეხირკინთან 1:2 წააგო და ლიცენზიისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

ამ ტურნირამდე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლიცენზია 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყაზახეთში გიორგი მელიამ (97 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიპოვეს.

რაც შეეხება თავისუფალ ჭიდაობას: 6 ოლიმპიური წონიდან სამში ლიცენზია უკვე მოპოვებულია. ბუდაპეშტის ტურნირზე ლიცენზიას ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) დაეუფლა, ხოლო 2020 წელს ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიბევეს ტოკიოს ოლიმპიადის საგზური ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) დაისაკუთრეს. მაისში კიდევ ერთი სალიცენზიო ტურნირია, სადაც მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ საგზურს და საქართველოს ნაკრებს თავისუფალ ჭიდაობაში 57, 65 და 86 კგ წონით კატეგორიებში საქართველოს ჯერ ლიცენზია არ აქვს, ხოლო ბერძნულ-რომაულში ორი წონაა თავისუფალი - 60 და 77.

0.149967