ფეხბურთი

21:16 | 20.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"როტორს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, ის კვირკველიას 3 წელი ავარჯიშებდა

ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 56 წლის სპეციალისტი იური ბატურენკო დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია რუსული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბატურენკომ ალექსანდრ ხაცკევიჩი შეცვალა, რომელიც გუშინ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. ბატურენკოს მწვრთნელობის 20-წლიანი სტაჟი აქვს, მაგრამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველად იმუშავებს.

ის აქამდე ყველგან ასისტენტის როლში საქმიანობდა და მათ შორის ყველაზე ხშირად იური სიომინის თანაშემწე იყო, რომელთანაც ერთად მოსკოვის „ლოკომოტივში“ (2000-2004, 2009-2010, 2016-2020) იმუშავა. აქედან გამომდინარე კარგად იცნობს სოლომონ კვირკველიას და ეს ქართველი მცველისთვის კარგი ამბავი უნდა იყოს, რადგან ხაცკევიჩი მას აღარ ენდობოდა და წელს ძირითადად სკამზე ყოფნა უწევდა. „როტორში“ კვირკველიას გარდა, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი არაბიძეც თამაშობენ.

„როტორი“ რუსეთის პრემიერლიგაში 23 ტურის თავზე 18 ქულით პლეი-აუტის ზონაშია მე-13 ადგილზე - სამშვიდობო ზონას 8 ქულა აშორებს, ხოლო პირდაპირ გასავარდნ ზონას 4 ქულითაა დაშორებული.

0.111759