მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ კუნთის ტრავმა აწუხებს და ამის გამო, მიამის ღია პირველობაზე თამაშს ვერ შეძლებს. ტურნრი შემდგ კვირაში იწყება, ჯოკოვიჩი კი კორტზე ყოფნის ნაცვლად, დროს საკუთარ ოჯახთან გაატარებს.
სერბ ჩოგბურთელს კუნთი ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშისას დაეჭიმა. ამის მიუხედავად, ფინალში რუსი დანიილ მედვედევი იოლად დაამარცხა და დიდი სლემის მე-18 ტიტული მოიპოვა. 33 წლის ჯოკოვიჩი კორტზე დაბრუნებას სწორედ მიამის მასტერსზე გეგმავდა, რის შემდეგაც, მონტე კარლოს მასტერსსა და სერბეთის ღია პირველობაზე (ATP 250) უნდა ეთამაშა.
„ძვირფასო ფანებო, სამწუხაროდ უნდა გითხრათ, წელს მაიამიში სათამაშოდ ჩამოსვლას ვერ შევძლებ. ამ დროს სახლში, საკუთარ ოჯახთან ერთად გავატარებ. მოქმედი შეზღუდვების პირობებში, ჩემი დროის ოჯახსა და ტურზე გადანაწილება მომიწევს. თქვენს ტურნირს მომავალ წელს დავუბრუნდები“, - ფანებს ტვიტერზე მიმართა ჯოკოვიჩმა.
სერბმა ჩოგბურთელმა ახლახანს როჯერ ფედერერის ერთი დიდი მიღწევა გააუმჯობესა - რეიტინგის სათავეში 311 კვირა გაატარა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ ამიერიდან მისი მიზანი, დიდი ტურნრების მოგებაა და ამის მისაღწევად, თავის სათამაშო განრიგს გადახედავს.
ამგვარად, მაიამის მასტერს 1000-ს, სამივე ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი გამოაკლდა. ზურგის ტრავმის გამო, იქ რაფაელ ნადალი ვერ ითამაშებს, ვინც თიხნარი კორტების სეზონზე აკეთებს აქცენტს. ფედერერისთვის კი მთავარი უიმბლდონისთვის კარგ ფორმაში შესვლაა და ისიც ამერიკაში გამგზავრებისგან თავს იკავებს.
მაიამიში არ ითამაშებს აშშ-ის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი, ავსტრიელი დომინიკ თიმი. ისიც თიხნარი კორტების სეზონებისთვის უკეთ მომზადებას გეგმავს.