ფეხბურთი

21:25 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "საქართველოს ნაკრებში გამოძახება საამაყოა, გოლების გატანას ვეცდები"
"იბრაჰიმოვიჩთან თამაში მომიწევს, მაგრამ ახლა მისი მეტოქე ვარ და არა გულშემატკივარი"

საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიური „სერენის“ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელიც ძირითადად სწორედ ნაკრებში გამოძახების საკითხს დაეთმო.

როგორც 20 წლის თავდამსხმელმა განაცხადა, მას აქამდე ზლატან იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ ტელევიზორში ჰყავდა ნანახი და ახლა მის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში 2011 წლის შემდეგ არ ყოფილა, მაგრამ ეს თამაში მისთვის ბევრს ნიშნავს.

- გიორგი, როგორ მიიღე ეს არჩევანი?

- მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ჩემს თამაშს სიამოვნებით უყურებდა და მოვწონდი. ასე რომ, ეს შემოთავაზება საერთოდ არ გამკვირვებია, მაგრამ ეს დიდი სიამაყე ვიგრძენი. პირადადაც და ჩემი ოჯახისთვისაც. ჩემი მშობლები საფრანგეთში ცხოვრობენ, მაგრამ მე ნათესავები მყავს საქართველოში. ამ შემოთავაზებას ისე ვიღებ, როგორც ჯილდოს და წახალისებას.

- ძალიან რთული იყო არჩევანის საფრანგეთსა და საქართველოს შორის გაკეთება?

- უპირველეს ყოვლისა რეალისტები უნდა ვიყოთ და ვაცნობიერებ, რომ საფრანგეთის ნაკრებში თავდამსხმელების ხარისხი ძალიან მაღალია. გარდა ამისა, მე ნამდვილად ვაფასებ ვილი სანიოლის მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის შემდეგ საქართველოში არ ვყოფილვარ, ეს ქვეყანა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- მომავალ კვირაში ფეხბურთის რამდენიმე ვარსკვლავს შეხვდებით. რა შეგრძნებაა?

- იბრაჰიმოვიჩის თამაში აქამდე მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი, ახლა კი მის წინააღმდეგ ვითამაშებ და დიდებული გამოცდილება იქნება. მაგრამ, მე იქ არ მივდივარ, როგორც უბრალოდ გულშემატკივარი, არამედ როგორც მეტოქე. ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის და ჯგუფიდან გასასვლელად. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ საქართველოში ახლა ნიჭიერი ახალგაზრდა თაობაა.

- როგორია თქვენი ამბიციები ეროვნულ ნაკრებში?

- იმედი მაქვს, გარკვეული სათამაშო დრო მექნება და შევძლებ ჩემი წვლილის შეტანას. პასების გაკეთებას, გოლების გატანას, თანაგუნდელებს დავეხმარები და მათი პასებისთვის მზად უნდა ვიყო.

- რა როლი ითამაშა ჩვენმა კლუბმა ამ მიწვევაში?

- კარგად ვიცი, რომ „სერენში“ ეს იჯარა ჩემთვის გადამწყვეტია. აქ თავიდანვე თავი კარგად ვიგრძენი, სრული ნდობა მივიღე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასე მიმიღო. ამ სეზონის წყალობით „მეცმა“ კონტრაქტი გამიხანგრძლივა. თუმცა, აქ გაჩერება არ მსურს და მე ის ადამიანი ვარ, ვისაც ყოველთვის მეტი სურს.

- როგორ უყურებთ სეზონის ფინიშს?

- იმედი მაქვს, რომ შევძლებთ მეორე ადგილზე გასვლას და პლეი-ოფში თამაშს. ეს მართლაც საოცარი იქნებოდა. როდესაც აქ მოვედი, საუბარი მხოლოდ ადგილის შენარჩუნებაზე იყო, მაგრამ გაირკვა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. შესანიშნავი გუნდი გვყავს, წარმოუდგენლად შეკრული, მოთამაშეები, რომელთაც მცირე სათამაშო დრო აქვთ, ისინიც კი პოზიტიურები არიან და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი კარგი სეზონის გასაღებია.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ბელგიის პროქსიმუს ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი. მან ზუსტად ერთი კვირის წინ ფრანგულ „მეცთან“ კონტრაქტო 2025 წლამდე გაახანგრძლივა. საქართველოს ნაკრებს გიორგი 22 მარტს თბილისში შეუერთდება.

0.148818