იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ასისტენტის პოსტზე დანიელე დე როსი დაინიშნა. ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
დე როსი იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე იმუშავებს და ეს მისი პირველი გამოცდილება იქნება, მწვრთნელის რანგში.
„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ გრავინას და რობერტო მანჩინის ნდობისთვის. კოვერჩანო ჩემი მეორე სახლია და აქ დაბრუნება ემოციურია. ვეცდები ნაკრებს მაქსიმალურად დავეხმარო“, - თქვა გახარებულმა დანიელემ.
დანიელე დე როსიმ საფეხბურთო კარიერა 2020 წელს არგენტინულ „ბოკა ხუნიორსში“ დაასრულა. მანამდე მან 18 წელი „რომაში“ გაატარა (616 თამაში, 63 გოლი). იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურით კი 37 წლის დე როსიმ 2004-2017 წლებში 117 თამაშში 21 გოლი გაიტანა, 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.