ჩოგბურთი

3:19 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაიამის ტურნირს დომინიკ თიმიც გამოაკლდა

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, ავსტრიელი დომინიკ თიმი ამბობს, რომ მას თიხნარი კორტების სეზონის დაწყებამდე, გადატვირთვა სჭირდება. თიმი დუბაის ATP 500-იან ტურნირს ადრეულ ფაზაშივე გამოეიშა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ მაიამის ღია პირველობაზე არ ითამაშოს.

აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონმა ეს სეზონი ATP-ს თასზე თამაშით დაიწყო, სადაც ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა. შემდეგ, ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში გამოეთიშა. დუბაიში მან ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასულ სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისთან წააგო. უფრო ადრე კი, დოჰას ტურნირზე მეოთხედფინალში დამარცხდა.

27 წლის თიმი ამბობს, რომ კორტს ევროპული თიხნარის სეზონისთვის დაუბრუნდება. „როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ბევრ ტურნირზე თამაშს ვამჯობინებდი. ახლა კი ვატყობ, რომ გადატვირთვა მჭირდება, რათა თიხიანი კორტებისთვის უკეთ მომზადება შევძლო. ახლა რთული პერიოდი მაქვს და შევცდები, თუ მაიამიში ვითამაშებ. ახლა სულის მოთქმა მჭირდება და იმედია, ამის შემდეგ კარგი თიხნარის სეზონი მექნება. ასეთი რთული კვირების შემდეგ, ახლა ჩემთვის მთავარი ესაა“, - ამბობს თიმი.

ავსტრიელს, ვინც თავისი პირველი დიდი სლემის ტიტული შარშან, ფლეშინგ მედოუსზე მოიპოვა, ფეხის ტრავმა აწუხებს, თუმცა ამბობს, რომ მისი წარუმატებელი გამოსვლების მიზეზი ეს არაა.

„დღეს ფეხში ტრკივილი არ მქონია. ის ხან მტკივა, ხან არა. შეიძლება გავესინჯო. ვნახო, რაშია საქმე. მაგრამ ეს სერიოზული პრობლემა არაა. უბრალოდ, კარგად ვერ ვთამაშობ. საერთო ჯამში, რთული პერიოდი მაქვს“.

0.114292