ტურ დე ფრანსის ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა (UAE ტიმ ემირატსი) იტალიაში, ერთკვირიანი რბოლა ტირენო ადრიატიკო მოიგო. მან წუთზე მეტით აჯობა უახლოეს მდევარს, ბელგიელ ვუტ ვან აერტს, რომელმაც ბოლო ეტაპზე, დროზე რბოლაში გაიმარჯვა.
ვან აერტისთვის (ჯუმბო-ვისმა) ეს წლევანდელ ტირენოზე მოგებული მეორე ეტაპი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, პოგაჩარის გასწრება ვერ მოახერხა. დროზე რბოლაში მან უკან ჩამოიტოვა იტალიელი ფილიპო განა (ინეოს გრენადერსი), ვისთვისაც ეს ბოლო ერთ წელიწადში, პირველი წაგებული დროზე რბოლაა. უფრო მეტიც, განა ვან აერტს 11 წამით ჩამორჩა და მესამე ადგილს დასჯერდა. მეორე ადგილი კი შვეიცარიელმა შტეფან კუნგმა (გრუპამა FDJ) დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 6 წამით ჩამორჩა.
ვან აერტს 12 წამით ჩამორჩა პოგაჩარი, რომელმაც დროზე რბოლა მეოთხე შედეგით დაასრულა. გამარჯვებულის ლურჯი მაისურის გარდა, სლოვენიელმა შინ ასევე მთის საუკეთესო მრბოლის მწვანე და საუკეთესო ახალგაზრდა მრბოლის თეთრი მაისურები გაიყოლა. ქულების კლასიფიკაციაში კი საუკეთესო ვან აერტი გახდა.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ერთკვირიანი რბოლაა მსოფლიოში და ძალიან მიხარია, რომ მოგება შევძელი. რთულმა კვირამ ფეხები დამიმძიმა, მაგრამ ჩემი რბოლით კმაყოფილი ვარ. ახლა დავისვენებ და შემდეგ ბასკური რბოლისთვის მოვემზადები“, - განაცხადა პოგაჩარმა.







