ჭიდაობა

21:09 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობა: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირზე

18-21 მარტს, ბუდაპეშტი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში, რომელიც ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში გაიმართება, ევროპის ქვეყნები ჩაებმებიან და ოლიმპიადის ლიცენზიებს მხოლოდ ფინალში გასული სპორტსმენები მოიპოვებენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს ორ-ორ წონით კატეგორიაში: 97 კილოგრამსა და მძიმე წონაში უკვე განაღდებული აქვთ ტოკიოს საგზურები. ოლიმპიური ნორმატივი 2019 წლის შემოდგომაზე, ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეასრულეს გიორგი მელიამ (97 კგ), იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) (ორივე ბერძნულ-რომაული), ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) (ორივე თავისუფალი). შესაბამისად, ლიცენზიებისთვის ბრძოლას საქართველოს ნაკრები ორივე სტილში ოთხ-ოთხ წონაში აგრძელებს. ბუდაპეშტის ოთხდღიან შეჯიბრებაზე პირველი ორი დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.

საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმებიან: ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ). 18 მარტს, დილიდან დაიწყება წინასწარი ეტაპის შეხვედრები და იმავე საღამოს გამოვლინდებიან ფინალისტები - ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიანტები. მედლები კი თავისუფალ ჭიდაობაში 19 მარტს გათამაშდება.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ტოკიოს საგზურებს 20 მარტს დაინაწილებენ, ხოლო საპრიზო სამეულებს 21-ში შეავსებენ. საქართველოს ნაკრები უნგრეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), გელა ბოლქვაძე (77 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ). ბუდაპეშტის ტურნირი ულიცენზიო მოჭიდავეთათვის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის ბოლოსწინა შანსია.

ბოლო შანსი კი სოფიის ტურნირი იქნება, რომელიც 6-9 მაისს გაიმართება. ბულგარეთშიც მხოლოდ ფინალისტები მოიპოვებენ ოლიმპიადის საგზურებს, ოღონდ, უნგრეთისგან განსხვავებით, იქ მთელი მსოფლიოდან ჩავლენ სპორტსმენები.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113387