ჩოგბურთი

20:32 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილის დასანანი მარცხი დუბაის ტურნირზე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას მასტერსზე ტრიუმფის შემდეგ დუბაიში გადაინაცვლა, სადაც პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება.

ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს გაეჯიბრა, რომელსაც სხვათა შორის, დოჰაში ნახევარფინალში ორ სეტში (7:6, 6:1) აჯობა, მაგრამ სამწუხაროდ, ამჯერად იგივე ვეღარ გააკეთა.

თამაში ძალზე დაძაბული გამოდგა და პირველ სეტში ბრეიკი შეასრულა, შედეგად, 6:4 მოიგო და დაწინაურდა. მეორე სეტმა უკვე ამერიკელის უპირატესობით ჩაიარა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა (6:3). ამრიგად, ყველაფერი მესამე სეტში გადაწყდა, სადაც თითოეულ შეცდომას დიდი ფასი ჰქონდა და ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებას უფრთხილდებოდნენ. ამიტომაც იყო, რომ ტაიბრეიკამდე ისე მივიდნენ, თავიანთი ჩაწოდება არ წაუგიათ. ტაიბრეიკი კი ნიკამ ცუდად დაიწყო, ჯერ 0:4 და მერე 1:6 ჩამორჩა, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ზედიზედ სამი გათამაშება მოიგო და 3 მატჩპოინტი გადაარჩინა, საბოლოო ტაიბრეიკზე 4:7 და შეხვედრაში 6:4, 3:6, 6:7 დამარცხდა.

29 წლის ჩოგბურთელმა 8 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ფრიტცმა კი ორივე კომპონენტში ფანტასტიკურად ითამაშა - ერთადერთი ორმაგი შეცდომა და 26(!) ეისი... ამერიკელის გამარჯვებაც დიდწილად ამის დამსახურებაა. შეხვედრა 2 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე ჩემპიონობის შემდეგ ATP-ის რეიტინგში 42-ე პოზიციიდან 36-ზე აინაცვლა.

ტეილორ ფრიტცი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:1 (4:6, 6:3, 7:6)

0.121586