ფეხბურთი

18:18 | 16.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთის ნაკრები: "საქართველოს კარგი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს"

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა შემადგენლობის დასახელების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან მიწვეულ ფეხბურთელებზე და დანაკლისზეც ისაუბრა, მაგრამ ასევე ხაზი გაუსვა მოახლოებული შეხვედრების მნიშვნელობას და ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ცხადია, ცალკე გააკეთა კომენტარი:

„ძალიან სასიამოვნო იქნება ფეხბურთელებთან შეხვედრა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე მისასვლელად გრძელი გზაა გასავვლელი, მაგრამ ჩვენ იქ წასვლა გვსურს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება უკეთ დავიწყოთ საკვალიფიკაციო ეტაპი.

იბრაჰიმოვიჩი ახლაც შესანიშნავ ფორმაშია, ჩემი აზრით, შვედეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება სასიამოვნოა. გარდა იმისა, თუ რა შეუძლია მას გუნდს მოედანზე მისცეს, ასევე აქვს წარმოუდგენელი გამოცდილება და შეუძლია ნაკრების სხვა ფეხბურთელებს დაეხმაროს.

კოსოვოს და საქართველოს ბევრი კარგი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. კოსოვოს 2019 წლის იანვრის ტურნედან ვიცნობთ და ვიცით, რომ კარგი გუნდია. ყურადღებით უნდა მოვემზადოთ, რათა შესარჩევი ეტაპი ისე დავიწყოთ, როგორც ჩვენთვისაა სასურველი.

100%-ით უახლოეს მატჩებზე ვფიქრობთ, ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ ადრეა. სრული კონცენტრაცია მოსამზადებელ ეტაპზეა და იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი თამაშის მოგებას მოვახერხებთ“, - თქვა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები შვედეთს 25 მარტს სტოქჰოლმში დაუპირისპირდება. ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს შვედეთის ნაკრებთან ისტორიაში არასდროს უთამაშია.

0.122461