ბლოგი

13:12 | 14.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რია-რია ქართულ რაგბიში

ცოტა ხნის წინ, ერთ ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში, ასევე ჩვეულებრივ გაკვეთილს დავესწარი. გაკვეთილზე მასწავლებელი ბავშვებს ლოგიკური ანალიზის უნარში ავარჯიშებდა და ასეთი კითხვა დაუსვა: ბავშვებო, რატომ აქვს ადამიანს 2 ხელი და არა 3-4-5 ან მეტი? ზოგმა რა უპასუხა და ზოგმა რა. ბავშვების უმეტესობა რა თქმა უნდა ჭამას “აწვებოდა” და 2 ხელის ფუნქციონალურ დანიშნულებას უპირველსაც ჭამა-სმასთან აკავშირებდა. მხოლოდ ერთი პატარა გოგონას პასუხი აღმოჩნდა ისეთი, რამაც მასწავლებელიც კი დააფიქრა: მასწ, ადამიანს 2 ხელი იმიტომ აქვს, რომ ტაში კარგად დაუკრას – თქვა ბავშვმა და “იმერული ესკიზების” უცნობილესი გმირი ბიჭივით მორიდებულად შეიშმუშნა.

ტაშის კვრა და ”ვაშა-ვაშას” ძახილი ქართულ სპორტს რომ ახსოვს, იმდენი სად შეიძლება გაიგოთ ან მოისმინოთ... მაგრამ გადაწითლებული ხელის გულების ნახვამ მხოლოდ სპორტული ასპარეზობის ხილვის დროს როდი შეიძლება?! აგერ უკვე გადაწყდა, რომ სოსო ტყემელაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტია, რაც თავის მხრივ მაინც არ მეტყველებს, რომ ეს კაცი უსიკვდილოდ აღიარებული იქნება პრეზიდენტად, რადგან ყბადაღებულ და უკვე კომიკურად ქცეულ “რაგბის ოჯახში“ განხეთქილება სწორედ ტყემალაძის ჯერ კანდიდატურის დაყენებამ, შემდეგ კი უცნაურად გაპრეზიდენტებამ გამოიწვია მაშინ როდესაც საარჩევნო ყრილობაზე ბევრი ვეტერანი მორაგბე არ შეუშვეს და კავშირის ხელმძღავნელობამ ეს არჩევნები პოლიციის დახმარებით ჩაატარა.

ალბათ გახსოვთ, რომ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტად ახლად არჩეული ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა საჯარო რეესტრმა არ დაამტკიცა, აქაოდა კავშირის წინა არჩევნები მთელი რიგი გადაცდომებით ჩატარდაო და სწორედ ამას მოჰყვა არა ერთი მორგბის პროტესტი, აღშფოთება და ჩვენ ვნახეთ, რომ აბუსერიძის მომხრეებს შორის არამხოლოდ საქართველოში მოღვაწე, არამედ უცხოეთში გაფანტული მრავალი ვეტერანი მორაგბეც აღმოჩნდა.

არავინ იცის როგორ წარუძღვება ქართულ რაგბს იოსებ ტყემელაძე და რაგბიზე თუნდაც სულ ოდნავ მაინც შეყვარებულ ყველა ადამიანს დიდი სურვილი აქვს, რომ მისი პრეზიდენტობის ხანაში ეგებ მაინც დაადგეს საშველი ქართულ რაგბიში ბოლო დროს არსებულ აბდაუბდას. მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების შემდგომი ტაშის მქუხარება როგორც წესი საქმეს არასოდეს ადგება და თუ კარგად გავიხსენებთ სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ყველა ძველი არჩევნების პერიპეტიებს, იმასაც უმალ მოვიგონებთ, რომ ხშირ შემთხვევაში ბევრს სანანებელი გახდომია “ბრავოებისა და ბისების” გარდი-გარდმო ყვირილი.

თუმცა საქმე მხოლოდ ტაშს და აღტკინებაში არ არის. ქართველებს ყველაფერში ზომიერება გვაკლია და ეს არის ის ნაკლი, რითაც ჩვენი არაკეთილმოსურნეები ყოველთვის სარგებლობდნენ. კონკრეტულ პერსონებზე ზედმეტი იმედების დამყარება და მერე ამ იმედების გაცრუება ჩვენი ისტორიის თანმდევი მოვლენაა.

სოსო ტყემალაძეს ჯვარი სწერია და მხრცოვანი ბაბუები დღემდე იხსენებენ, სტალინის დიქტატურის დასრულების შემდეგ, ხალხის დიდი ნაწილი (ფანატიკოსი სტალინელების გარდა) როგორი სიხარულით შეხვდა საბჭოთა კავშირის სათავეში ხრუშჩოვის მოსვლას. ავადსახსენებელი თბილისური სისხლიანი 9 მარტის შემდეგ კი ყველა როგორ მიხვდა “ვაის” ნაცვლად “ათასჯერ ვაი” რომ მიიღეს. 90-იან წლებში შევარდნაძის თბილისში ჩამოსვლით გახარებული ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის სახეც გემახსოვრებათ. აღარ მინდა კიდევ უფრო ძველი და საზარი ამბების გახსენება...

მინდა გავიმეორო, რომ ტყემალაძეს არც ხრუშჩოვს ვადარებ, არც შევარდნაძეს და ამ კაცს კარგის მეტს არაფერს ვუსურვებთ. ყველას იმის სურვილი გვაქვს, რომ ამ ადამიანმა თავისი საქმე კარგად გააკეთოს, მაგრამ ფრიად კმაყოფილი ვიქნები, თუკი გაპრეზიდენტებას კიდევ უფრო მეტი არეულობა არ მოჰყვება.

ბოლოს კი ჩემი არცთუისე ამბიციური სურვილიც მინდა გაგიმხილოთ. ჩემი აზრით, იოსებ ტყემალაძე ძალიან კარგს იზამს, თუკი აქამდე უპრეცენდენტო, მაგრამ ძალიან გონოვრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და საზოგადოებას დაპირდება, რომ მომავალში ჟურნალისტებს ყოველი თვის ან კვარტლის ბოლოს კავშირის მიერ გაწეული ხარჯების და შემოსავლების ხარჯთაღრიცხვას წარუდგენს. რამდენი თანხა დაიხარჯა, რაში დაიხარჯა დ.ა.შ...

ეს არამხოლოდ გამჭვირვალეს გახდის რაგბისკავშირის საკმაოდ საეჭვო ფინანსურ საქმიანობას, არამედ დადებითად იმოქმედებს თავად ტყემალაძის ავტორიტეტზე. ყველანი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რომ ქართული რაგბი არავის პირადი კანტორა არ არის და იმედი მაქვს, რომ კავშირის ახალი ხელმძღვანელობა ამ სურვილსა და შეთავაზებას დადებითად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114443