ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირზე ტრიუმფის შემდეგ ATP-ის რეიტინგში დაწინაურდება. 29 წლის ჩვენებური ტურნირის დაწყებამდე 42-ე ნომერი იყო, ფინალის მოგების შემდეგ კი 5 საფეხურით წინ წაიწევს.
ლაივ-რეიტინგში ნიკოლოზი 1605 ქულით 37-ე ადგილზეა და განახლებულ რეიტინგში, რომელიც 15 მარტს გამოქვეყნდება, დიდი ალბათობით, ამ პოზიციას გაამაგრებს.
შეგახსენებთ, დოჰაში ნიკოლოზმა შესანიშნავი გზა განვლო და ავსტრალიელი ჯონ მილმანი (2:6, 6:4, 6:2), ტუნისელი მალეკ ჯაზირი (6:2, 6:2), თვით ლეგენდა, როჯერ ფედერერი (3:6, 6:1, 7:5), ამერიკელი ტეილორ ფრიტცი (7:6, 6:1) და ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი (7:6, 6:2) დაამარცხა. რა თქმა უნდა, ტიტულის გარდა, ეს ტურნირი ისტორიას იმითაც შემორჩება, რომ ნიკოლოზმა ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი დაამარცხა და ისტორია დაწერა.
აქვე გეტყვით, ბასილაშვილმა კარიერაში მეექვსე ფინალი ითამაშა. 2016 და 2017 წელს, შესაბამისად, კუტცბუელსა და მემფისში დამარცხდა, ხოლო მას შემდეგ მიჯრით ოთხი ფინალი მოიგო - ორჯერ ჰამბურგში (2018, 2019), პეკინსა (2018) და დოჰაში (2021).