სლოვენიის კრანისკა გორაში გამართულ გიგანტურ სლალომზე, პირველი ორი ადგილი შვეიცარიელმა მოთხილამურეებმა, მარკო ოდერმატმა და ლოიკ მეიარმა დაიკავეს. ოდერმატმა შესანიშნავად შესრულებული მეორე ცდის წყალობით მოიგო და ამ დისციპლინაში ლიდერობა იგდო ხელთ.
გიგანტურ სლალომში შვეიცარიელი 25 ქულას უგებს ყოფილ ლიდერს, ფრანგ ალექსის პინტუროს. დიდი გლობუსისთვისაც ეს ორი მოთხილამურე იბრძვის. ოღონდ ლიდერი პინტუროა, ვისაც 36-ქულიანი უპირატესობა აქვს. პირველი ცდის შემდეგ, ოდერმატი საუკეთესო დროს 0.61 წამით ჩამორჩა და მეოთხე პოზიცია დაიკავა. მაგრამ მეორე ცდაზე საუკეთესო იყო და საბოლოოდ, თანაგუნდელ მეიარს 1.06 წამით აჯობა. მესამე ადგილი ავსტრიელმა შტეფან ბრენშტაინერმა დაიკავა, ვინც მეიარს 0.03 წამით ჩამორჩა.
„წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ შევძელი, ძალიან დაღლილად ვგრძნობდი თავს. შეიძლება მეტისმეტად დაღლილი ვიყავი იმისთვის, რომ გავჩერებულიყავი. მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ყველა თასისთვის, რომელთა შანსიც მაქვს“, - განაცხადა ოდერმატმა.
კრანსკა გორა კვირას სლალომს უმასპინძლებს, შემდეგ კი შვეიცარიის ლენცერჰაიდეში, ყველა დისციპლინაში ფინალური რბოლები გაიმართება.







