პარიზი-ნიცას რბოლა ტურ დე ფრანსის მომცრო ვერსიაა, თუმცა ველოსპორტის სამყაროში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ერთკვირიანი რბოლაა. და ტურის რეპეტიციადაც ითვლება. ამიტომ მასზე გამარჯვება პრესტიჟულია.
წლევანდელი რბოლის მოგების რეალური შანსი აქვს სლოვენიელ პრიმოჟ როგლიჩს (ჯუმბო-ვისმა), ვისთვისაც ფრანგლი ტური წელსაც მთავარი მიზანია. პარიზი-ნიცას გასული შვიდი ეტაპიდან მან უკვე სამის მოგება მოასწრო და პრაქტიკულად გაინაღდა რბოლის მოგება.
დღეს მან მეშვიდე, სამთო ეტაპზე გაიმარჯვა, რომლის ფინიშზეც ორი წამით მიასწრო შვეიცარიელ ჯინო მადერს (ბაჰრეინ ვიქტოიოუს). მესამე კი როგლიჩის მთავარი კონკურენტი, რბოლის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი, გერმანელი მაქს შახმანი (ბორა-ჰანსგრო) იყო, ვინც გამარჯვებულს 5 წამით ჩამორჩა.
რბოლის დასაწყისში, სამივე იმ 50-კაციან ჯგუფთან ერთად დაშორდა პელოტონს, რომელმაც თითქმის ბოლომდე ერთად იარა. ფინიშამდე 300 მეტრით ადრე კი როგლიჩმ გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო და მადერს ფინიშამდე 50 მეტრით ადრე გაასწრო.
„გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა. ბოლოს მოგების შანსი გაჩნდა და მე ის გამოვიყენე. რთული დღე გვქონდა, განსაკუთრებით დასაწყისში. ბედად, მისი გასწრება შევძელი და ფინიშის ხაზი პირველმა გადავკვეთე“, - განაცხადა გამარჯვებულმა.
ბოლო ეტაპის წინ, ვუელტას ორგზის ჩემპიონი, პარიზი-ნიცას მოქმედ ჩემპიონს 52 წამს უგებს.







