სხვა

1:27 | 14.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძის ბრინჯაოს მედალი მსოფლიო თასზე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ფარიკაობაში მსოფლიო თასი გაიმართა და სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოფარიკავემ ზუსტად ერთწლიანი პაუზის შემდეგ იასპარეზა და დაბრუნება შესანიშნავი გამოდგა.

სანდრო ნახევარფინალში უნგრელ არონ ჟილაგთან სოლიდური სხვაობით, 6:15 დამარცხდა, ფინალში ვერ გავიდა, მაგრამ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

იქამდე ბაზაძემ ოთხი შეხვედრა მოიგო პოლონელ მატეუშ კნეზთან (15:8), რუს მოფარიკავეებთან, ანატოლი კოსტენკოსთან (15:10) და ვენიამინ რეშეტნიკოვთან (15:11) და იტალიელ ენრიკო ბერესთან (15:12).

14 მარტს ფარიკაობაში მსოფლიო თასი გუნდურ შეჯიბრებაში გაიმართება. საქართველოს ქალთა ნაკრები 12:00 საათზე საწყის ეტაპზე ჩინეთის ნაკრებს, ხოლო კაცთა ნაკრები იმავე ეტაპზე ვენესუელას (17:00 საათზე) დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ მამაკაცთა რეიტინგში ცვლილებები მოხდა, მაგრამ ბაზაძემ მეშვიდე პოზიცია შეინარჩუნა.

0.138494