ჩოგბურთი

21:12 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ჩემპიონობის შემდეგ შვილს მიმართა: "ყველაზე ძვირფასი ხარ და მენატრები"

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე ჩემპიონობა მოახერხა და ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი ორ სეტში, 7:6, 6:2 დაამარცხა. ფინალური მატჩის შემდეგ 29 წლის ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა.

როგორც ბასილაშვილმა აღნიშნა, ის ძალიან ბედნიერია და ტურნირის დაწყებამდე ვერ იფიქრებდა, რომ ტიტულის მოპოვებას მოახერხებდა.

„ტურნირის დაწყებამდე ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ ვიდგებოდი და სუპერ ბედნიერი ვარ. პირველ რიგში მადლობა ბაუტისტა-აგუტს, რომელმაც შესანიშნავი ტურნირი ჩაატარა და ვულოცავ მას. მადლობა ყატარს, ტურნირის ასე კარგად ორგანიზებისთვის. პრივილეგია და სასიამოვნო იყო აქ, გულშემატკივრების წინაშე თამაში. ტურნირის ორგანიზატორებს მადლობა, ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტურნირა და მიხარია, რომ გამარჯვება მოვახერხე. მადლობა ჩემს მწვრთნელს, ფიტნეს მწვრთნელს, ყველას, ვინც აქ არის.

შეიძლება რამდენიმე სიტყვა ქართულად ვთქვა? - ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ. ძალიან მიყვარხარ და მენატრები. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის“, - თქვა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, დოჰაში ნიკოლოზმა შესანიშნავი გზა განვლო და ავსტრალიელი ჯონ მილმანი (2:6, 6:4, 6:2), ტუნისელი მალეკ ჯაზირი (6:2, 6:2), თვით ლეგენდა, როჯერ ფედერერი (3:6, 6:1, 7:5), ამერიკელი ტეილორ ფრიტცი (7:6, 6:1) და ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი (7:6, 6:2) დაამარცხა! რა თქმა უნდა, ტიტულის გარდა, ეს ტურნირი ისტორიას იმითაც შემორჩება, რომ ნიკოლოზმა ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი დაამარცხა და ისტორია დაწერა.

აქვე გეტყვით, ბასილაშვილმა კარიერაში მეექვსე ფინალი ითამაშა. 2016 და 2017 წელს, შესაბამისად, კუტცბუელსა და მემფისში დამარცხდა, ხოლო მას შემდეგ მიჯრით ოთხი ფინალი მოიგო - ორჯერ ჰამბურგში (2018, 2019), პეკინსა (2018) და დოჰაში (2021).

0.111826