საქართველოს ნომერ პირველმა ნომერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა. მსოფლიოს 42-ე ნომერმა ნახევარფინალში აშშ-ს წარმომადგენელი ტეილორ ფრიცი 7:6, 6:1 დაამარცხა და ATP-ის ტურნირების ფინალში მეექვსედ გავიდა.
განვლილ შეხვედრაში ნიკოლოზმა 122 ქულიდან 68 მოიგო და დამაჯერებლად გაიმარჯვა. მართალია პირველ ჩაწოდებას კარგად ვერ ასრულებდა, თუმცა მოგებული ქულები მაღალი პროცენტით ჰქონდა 79%(19/24). ასევე ბასილაშვილს მეორე ჩაწოდებაზე მოგებული ქულების პროცენტული მაჩვენებელი 68 ჰქონდა. ნიკამ ხუთი ეისი შეასრულა, ხოლო ტეილორმა - 8. რაც მთავარია, ბასილაშვილი ზუსტ თამაშზე აკეთებდა აქცენტს და ორმაგი შეცდომა ასევე მხოლოდ ერთი ჰქონდა. დამატებით უნდა ითქვას, რომ ტეილორი ნიკასგან განსხვავებით დაბრუნებაზე სუსტად ასპარეზობდა, ხოლო ბასილაშვილი უკანა ხაზიდან აგრესიულად უტევდა და სწრაფი, მძიმე დარტყმებით უპირატესობის მოპოვებას ახერხებდა.
პირველი სეტი ნიკოლოზმა ცუდად დაიწყო და თავის პირველივე ჩაწოდებაზე დაბრეიკდა. თუმცა უკუბრეიკი ქართველმა მალევე შეასრულა, რაც გადამწყვეტი აღმონდა პირველი სეტის მოსაგებად. უნდა ითქვა, რომ ამის შემდეგ ნიკამ მეტოქე ბრეიკზე აღარ მიუშვა და პირიქით, ფრიცის დაბრეიკებს ცდილობდა, თუმცა ტეილორი ჩაწოდებებზე კარგად მუშაობდა და ქართველს წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდა. საბოლოო ტაი ბრეიკმა გადაწყვიტა სეტში გამარჯვებულის ვინაობა. ის რისიც უფრო მეტად ეიმედებოდა ამერიკელს (ჩაწოდება) ტაი ბრეიკზე არ გამუვიდა, სამაგიეროდ კი ნიკამ ვინერსები კარგად შეასრულა, ერთხელ კი მომენტის გამეორების მეშვეობითაც მოიპოვა ქულა და საბოლოოდ 7:3 მოიგო.
მეორე სეტი ნიკამ პირველისგან განსხვავებით დამაჯერებლად დაიწყო და ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, ხოლო თუ წინა სეტის გეიმებსაც ჩავთვლით, ზედიზედ ხუთი გეიმში შეძლო გამარჯვების მოპოვება. ამის შემდეგ ერთი გეიმის მოგება შეძლო ფრიცმა და ამით დასრულდა მისი აქტიურობა, ნიკამ ერთი ბრეიკიც შეასრულა და საბოლოოდ მეორე სეტი 6:1 მოიგო.
ფრიცისთან შეხვედრაში ბასილაშვილმა დაადასტურა, რომ როჯერ ფედერერთან აშკარა გამართლებით არ მოუგია და ჩემპინობისთვის იბრძვის. 2020 წელი ნიკასთვის მძიმე იყო და ტურნირებზე არაფერი გამოსდიოდა. არც 2021 წლის სეზონი დაიწყო ბასილაშვილმა დამაჯერებლად, თუმცა დოჰაში შეძლო თავისი თავის პოვნა და ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს.
ბასილაშვილს 250-ქულიანი ტურნირი კარიერაში მოგებული არ აქვს, თუმცა ორჯერ იყო ფინალში, 2016 წელს კიცბიუელსა და 2017 წელს მემფისში. ნიკას შანსი აქვს მეოთხე ტურნირი მოიგოს. ყატარის ღია პირველობის ფინალში ქართველს რობერტო ბაუტისტა აგუტი შეხვდება, რომელთანაც ოთხჯერ აქვს ნათამაშები და სამი შეხვედრა აქვს წაგებული. ნიკამ ბაუტისტასთან 2015 წელს უიმბლდონეზე წააგო, 2017 წელს - მონტე კარლოს მასტერსზე, ხოლო 2020 წელს - ჰამბურგში, სადაც მოქმედი ჩემპიონს რანგში ასპარეზობდა. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც ქართველმა ესპანელს მოუგო იყო 2019 წელს დუბაიში, სადაც რობერტო მოქმედი ჩემპიონი იყო და ბაუტისტა აგუტი მერვედფინალში დაამარცხა.
ესპანელის და ქართველის დაპირისპირება 13 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.