ფეხბურთი

18:04 | 12.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი რონალდუზე, მესიზე, საკუთარ წარსულზე და მომავალზე...

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. საკუთარ თავზე, კრიშტიანუ რონალდუზე, ლიონელ მესის „რეალში“ გადასვლის პერსპექტივაზე, ერლინგ ჰოლანსა და კილიან მბაპეზე.

34 წლის ფეხბურთელი წინააღმდეგი არ არის, რომ მესიმ „რეალში“ ითამაშოს და განაცხადა, რომ მადრიდში სიამოვნებით იხილავდა. სერხიო მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდიდან წასვლით ბევრი რამ დაკარგა, ისევე როგორც „რეალმა“ პორტუგალიელის გაშვებით და ამ გადაწყვეტილებას შეცდომად მიიჩნევს.

„ცენტრალური მცველი რომ არ ვყოფილიყავი, ფორვარდი ვიქნებოდი. ტიპიური, ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი, რომელიც ბურთს იღებს და სხვებს სივრცეებს უთავისუფლებს, როგორც მაგალითად ადურისი იყო. იყო დრო, როცა ამაზე ანჩელოტისთან ვსაუბრობდი და მითხრა, რომ ზოგიერთ მატჩებში თავდამსხმელად მათამაშებდა.

კრიშტიანუ რონალდუს წასვლით, თვითონაც წააგო და „რეალმაც“. მე მას არ გავყიდდი, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და გამარჯვებაში გვეხმარებოდა. ეს არის ურთიერთობები, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ის გადამწყვეტი მოთამაშეა, 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ვიცოდი, რომ მიდიოდა. ასეთ მოთამაშეებს გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ.

კრიშტიანუ არ ბრწყინავს, მაგრამ ის „იუვეს“ გვირგვინია, ამ გუნდის ემბლემა. მისთვის ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა ნორმალურია,ამას შეეჩვია. იგივე ხდება, რაც მადრიდში, როდესაც კრიტიკა მხოლოდ კაპიტნისა და მწვრთნელის მიმართ ისმის. ასე ტურინშიც. კრიშტიანუ ამას შეჩვეულია. სიმართლე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერ გუნდს შეუძლია შენი დამარცხება. „ბარსელონაც“ გავარდა, არა მხოლოდ „იუვე“. პირადად მე, იმედი მაქვს, რომ „რეალი“ ბოლომდე მივა და თასს მოიგებს. რონალდუს ყიდვა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჩემპიონთა ლიგას მოიგეს, ერთი ფეხბურთელით გამარჯვება შეუძლებელია.

მესი „რეალში“? ბედნიერი ვიქნებოდი. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ საუკეთესო ლეოს მესის წინააღმდეგ ვთამაშობდით, ამიტომაც, ის ფაქტი, რომ ჩვენი მეტოქე აღარ იქნებოდა, უკვე კარგია. მე „ბარსელონაში“? არ არსებობს ეს შესაძლებლობა. ცხოვრებაში არსებობს რაღაცები, რასაც ფულით ვერ იყიდი. მადრიდში ვერც პიკეს ან ჩავის ნახავდით. იგივეა ჩემს შემთხვევაშიც.

მბაპე და ჰოლანდი „რეალში“? ორივე კარგი იქნებოდა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ჰოლანდის ყიდვა უფრო ადვილი იქნებოდა. მბაპესთან ვითარება უფრო რთულადაა. ვფიქრობ, ცუდი არ იქნებოდა „რეალისთვის“ ჰოლანდით გაძლიერება. ის ბევრს მისცემდა გუნდს. რა თქმა უნდა, მბაპეც, მაგრამ მისი შეძენა უფრო რთული იქნებოდა.

ფეხბურთი ფიზიკურად განვითარდა და უფრო თანაბარი გახდა. ჩემი 34 წელი წარსულში 28 წელს უდრის. ახლა უფრო ძლიერი ვარ, სწრაფი და გამოცდილი. წარმომიდგენია, რომ ფეხბურთს უფრო მენტალური პრობლემების გამო დავანაბებ თავს, ვიდრე ფიზიკური. მშვიდად ვარ, ჩემს სხეულს ვუფრთხილდები. ვფიქრობ, რომ 2026 წელს, მექსიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში შემიძლია.

იბრაჰიმოვიჩი? ის კარგი მკვლელია. მას დიდ პატივს ვცემ, იმის გამო, რაც კარიერაში გააკეთა. ყველა ახალგაზრდისთვის სამაგალითოა. ჩემი ინსპირაცია ყოველთვის იერო და პაოლო მალდინი იყვნენ, განსაკუთრებით, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და „სევილიაში ვიწყებდი კარიერას. თუმცა, ვცდილობდი ჩემი სტილი და მენტალიტეტი ჩამომეყალიბებინა. ახლა ვიტყოდი, რომ საბედნიეროდ, ამას მივაღწიე.

ახალი კონტრაქტი? სამწუხაროდ, არაფრის თქმა შემიძლია, რადგან ახალი არაფერია. როდესაც სიახლე იქნება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც ამისშესახებ იტყვის“, - განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, სერხიო რამოსს კარიერის განმავლობაში მხოლოდ მადრიდის „რეალსა“ და „სევილიაში“ უთამაშია. ესპანელი მცველის კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება და თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, თავისუფალი აგენტი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109785