ფეხბურთი

13:35 | 12.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: რონალდუს აგენტი "რეალს" ესაუბრება

ესპანური გამოცემა El Chiringuito სენსაციურ ცნობას ავრცელებს - კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას დაუკავშირდა.

როგორც ჟურნალისტმა ხოსეპ პედრეროლმა განაცხადა, პორტუგალიელი აგენტი ყოველთვის ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა „სამეფო კლუბის“ მენეჯერებთან და რონალდუს „იუვენტუსში“ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი წარუმატებელი სეზონის შემდეგ მადრიდში დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავენ.

მეორეს მხრივ, ესპანური Marca წერს, რომ ეს სრულიად გამორიცხულია და „სამეფო კლუბში“ კრიშტიანუს შესაძლო დაბრუნება არც კი განიხილება. თუმცა, ისიცაა, რომ ფეხბურთში გამორიცხული არასდროს არაფერია.

დიდი შანსია, რომ რონალდუმ „იუვე“ კონტრაქტი ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დატოვოს, რადგან ამ გარიგებამ აშკარად ვერ გაამართლა - რონალდუს ხელფასი კოვიდაპანდემიის პერიოდში იტალიელებს ძალიან მძიმედ აწევთ და შედეგიც არ გამოიღო - ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსი“ რონალდუს გარეშე ბევრად ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდი იყო, ვიდრე მასთან ერთად.

თუმცა, კრიშტიანუს იტალიიდან წასვლის საკითხს ფინანსები ართულებს. ასეთი ხელფასის გადახდის უნარი ბევრი კლუბს არ შესწევს, მითუმეტეს, როდესაც საქმე 36 წლის ფეხბურთელს ეხება. ამასთან, მხოლოდ იტალიაში აქვს პორტუგალიელს შესაძლებლობა გადასახადების მხოლოდ 25% გადაიხადოს და სხვა ქვეყანაში წასვლის შემთხვევაში გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუვენტუსმა“ 2018 წლის ზაფხულში 105 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2022 წლამდე გაუფორმა. პორტუგალიელმა ტურინულ კლუბში დღემდე121 მატჩში 92 გოლი გაიტანა, ორ-ორჯერ სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე სასურველი შედეგი ვერ აჩვენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123501