სხვა

11:47 | 12.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონ ფიური ბრიტანეთში ბრძოლას აღარ აპირებს

ტაისონ ფიურიმ გამოაცხადა, რომ ბრიტანეთში ბრძოლას აღარ აპირებს და თავის კარიერას ლას ვეგასში გააგრძელებს. ფიური თანამემამულე ენტონი ჯოშუასთან ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაზე მოლაპარაკებას კვლავ აგრძელებს და ერთ-ერთი შესათანხმებელი საკითხი, ბრძოლის ადგილია.

ბრიტანელი ფიური მძიმე წონაში WBC-ს საჩემპიონო სარტყელის მფლობელია. ჯოშუა კი WBO-ის, WBA-ის და IBF-ის ტიტულებს ფლობს. ისინი სავარაუდოდ, ზაფხულში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და შესაძლოა, შეხვედრის ადგილად ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანა აირჩიონ.

იმავდროულად, ფიური ამბობს, რომ დეონტეი უაილდერთან მესამე შეხვედრის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ოღონდ, ხაზს უსვამს, რომ ბრძოლებს ბრიტანეთში აღარ გამართავს.

„არ გამორიცხოთ უაილდერთან მესამე შეხვედრა. ის შემდეგი იქნება. მაგრამ აქ (ბრიტანეთში) ბრძოლას აღარ ვაპირებ. მორჩა. კრივის სუპერ ვარსკვლავმა მხოლოდ მსოფლიოს გართობის დედაქალაქში უნდა იბრძოლოს. ამიერიდან, ჩემი საშინაო ქალაქი ვეგასია. კარიერას აქვე დავასრულებ“, - ამბობს ფიური.

ის არც იმაზე იდარდებს, თუ ჯოშუასთან ბრძოლა ჩაიშლება: „არ მადარდებს, საკმაოდ ბევრი ფული ვიშოვნე, ვალები არ მაქვს, ყველაფერი კარგადაა. თუ მასთან ბრძოლა შედგება, ხომ კარგი. თუ არა, არც ეგ მადარდებს. ეს ჩემზე არაა დამოკიდებული“, - ამბობს ფიური.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175937