ფეხბურთი

15:52 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკბილო ზვიგენი

„იუვენტუსის“ სენსაციური გავარდნა ჩემპიონთა ლიგიდან ალბათ ბევრ რამეზე დააფიქრებს კლუბის მფლობელებს. უკვე მეორე წელიწადია ტურინული კლუბი ნაადრევად ტოვებს ევროპის ყველაზე პრესტჟულ საკლუბო ტურნირს. მერვედფინალი მათთვის გადაულახავი ზღუდე გახდა. თანაც ვისთან: შარშან ისინი ფრანგულ „ლიონთან“ დამარცხდნენ, ამჯერად კი „პორტუსთან.“

გასულ სეზონში მაურიციო სარიმ „ბებერ ქალბატონს“ სკუდეტო მოაგებინა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ჩაფლავდა, ეს არ აპატიეს და დაითხოვეს. მისი შემცვლელი, ანდრეა პირლო, შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, გონიერი. წესით ასეთ ყაიდის მოთამაშეებს კარგი მწვრთნელობა არ უნდა გაუჭირდეთ. მაგრამ...

პირლოს თავისი ფილოსოფია აქვს და სანამ ფეხბურთელებს ამას კარგად გააგებინებს, ალბათ დრო დასჭირდება. მაგრამ აცლიან?

სერია A-ში ისინი 26-ე ტურის შემდეგ 52 ქულით მესამე ადგილზე არიან და 10 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ „ინტერს,“ თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

აი, ლიგაში კი... 2015 და 2017 წლებში მათ ტურნირის ფინალები წააგეს, შესაბამისად „ბარსელონასთან“ და მადრიდის „რეალთან.“ მერე დაფიქრდნენ და ჩათვალეს, რომ გუნდს ისეთი ფეხბურთელი აკლდა, რომელსაც ლამის მარტოს ძალუძს მნიშვნელოვანი, დიდი მატჩების მოგება. ასეთად კრიშტიანუ რონალდო მიიჩნიეს და 2018 წელს 100 მილიონ ევროდ იყიდეს კიდეც.

მაგრამ დრო გადის და „იუვენტუსი“ რონალდუსთან ერთად უფრო და უფრო სუსტდება. მათი ჩემპიონთალიგური გამოსვლები კი კატასტროფულია. „იუვენტუსი“ უკბილო ზვიგენს დაემსგავსა, რომელიც აღარ ბრაზობს, აღარ იკბინება. ჯერ იყო ალეგრი, მერე სარი, ახლა პირლო, შედეგი კი არ ჩანს.

თითქმის სამ წელიწადში პორტუგალიელმა დაახლოებით 93 მილიონი ევრო გამოიმუშავა ჯამაგირად, მაგრამ გუნდი ნახევარფინალამდეც ვერ მიიყვანა. მის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ივნისში ეწურება და ალბათ ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ. როგორც ჩანს, ექსპერიმენტმა არ გაამართლა და მისი ძალიან მაღალი ხელფასი მფლობელებს ყელზე ადგათ.

იტალიური მედია წერს, რომ „იუვენტუსი“ პოლიტიკას შეცვლის, ზღაპრულ ხელფასებს შეამცირებს და ფულს ახალგაზრდა იტალიელი და ევროპელი ფეხბურთელების განვითარებაში დააბანდებს.

ზაფხულში ტურინულ კლუბში რევოლუცია მოხდება, გუნდს ახლაგაზრდა დემირალის, დეიან კულუსევკის, მატიას დე ლიხტის, არტურისა და „პორტუსთან“ დუბლის ავტორის, ფედერიკო კიეზას გარშემო ააწყობენ.

და პირლო? მან განაცხადა: „პორტუსთან“ მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრე. შევთანხმდით, ჩემი პროექტი ამით არ მთავრდება და რამდენიმე წელიწადს კიდევ გაგრძელდებაო.

ტრავმებმა და პანდემიამ, ცხადია, გეგმები შეუცვალა, მაგრამ თითქოს მისი ფილოსოფია და ტაქტიკური ხედვა ჯერაც გაუგებარია მოთამაშეებისთვის. აი, „პორტუსთან“ მატჩშიც, გუნდი იდეებისგან დაცლილი ჩანდა.

ლიგიდან გავარდნა „იუვეს“ დაახლოებით 11 მილიონევროიან ზარალს მოუტანს და პირლომ უნდა დაარწმუნოს ხელმძღვანელები, რომ ჩიტი ბრდღვნად ღირს.

0.116855