ვუელტას ჩემპიონმა, სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა პარიზი-ნიცას რბოლის მე-4 ეტაპი მოიგო და ლიდერის ყვითელი მაისური მოირგო. როგლიჩმა, ვინც შარშანდელ ტურ დე ფრანსზე გამარჯვება ხელიდან ბოლოსწინა ეტაპზე გაუშვა, მეოთხე ეტაპის ბოლო აღმართზე შეძლო დაწინაურება.
188-კილომეტრიანი მარშრუტის ბოლო აღმართის სიგრძე 7.3 კილომეტრი, მისი საშუალო დახრა კი 6 პროცენტს აღწევდა. სწორედ მის დასაწყისში წამოიწყო როგლიჩმა გადამწყვეტი შეტევა, რომელიც პელოტონმა უპასუხოდ დატოვა.
გამარჯვებულს 12-12 წამით ჩამორჩნენ გერმანელი მაქსიმილიან შახმანი და ფრანგი გიიომ მარტინი. ფინიშს ვერ მიაღწია ჯიროს ჩემპიონმა, ბრიტანელმა ტაო გეოგეგენ ჰარტმა, ვინც ფინიშამდე 15 კილომეტრით ადრე, დაღმართზე მოძრაობისას დაეცა. ველომრბოლმა საშუალო სიმძიმის ტრავმები მიიღო, რის გამოც, მისმა გუნდმა „ინეოსმა“ ასპარეზობიდან მოხსნა.
ველოსპორტის საერთაშორისო კავშირის ახალი პროტოკოლის შესაბამისად, ინციდენტების შემდეგ, ველომრბოლებს ტვინის შერყევაზე ტესტები უნდა ჩაუტარდეთ და ისინი მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდებიან ველოსიპედს, რაც შერყევა გამოირიცხება.







