საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის მთავარ შეხვედრაში ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი დაუპირისპირდა. „დინამო თბილისმა“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა.
თამაში არც ისე სანახაობრივი გამოდგა და საგოლე მომენტები იშვიათად იქმენოდა. უფრო მეტიც, მასპინძლებს რეალური საგოლე შანსი საერთოდ არ შეუქმნიათ და ლოგიკურია, რომ თამაში უგოლოდ დაასრულეს.
„დინამო ბათუმი“ შედარებით უკეთ გამოიყურებოდა და შედეგსაც მიაღწია. ბათუმელებმა ერთადერთი და გამარჯვების გოლი 66-ე წუთზე გაიტანეს. გიული მანჯგალაძემ საჯარიმოს მისადგომებთან ბრწყინვალედ ითამაშა და ულამაზესი გოლით მატჩის ბედი გადაწყვიტა. ამრიგად, აჭარლებმა თბილისელთა წინააღმდეგ 4-მატჩანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.
„დინამო ბათუმს“ 7 ქულა აქვს და ლიდერია, ხოლო „დინამო თბილისის“ აქტივში 4 ქულაა. მომდევნო ტურში ზღვისპირელები „სამტრედიას“ დაუხვდებიან, ხოლო გიორგი ნემსაძის გუნდი „საბურთალოს“ უმასპინძლებს.
„დინამო თბილისი“ – „დინამო ბათუმი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 მანჯგალაძე (66)