ჩოგბურთი

10:48 | 9.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერისთვის მუხლის მეორე ოპერაცია ურთულესი გამოცდა იყო

როჯერ ფედერერს გასულ სეზონში, მის კარიერაში ურთულესი პერიოდი ჰქონდა. თუმცა ამის მიუხედავად, კარიერის დასრულებაზე არც უფიქრია. განსაკუთრებით მაშინ გაუჭირდა, როცა გაიგო, რომ მარჯვენა მუხლზე მეორე ოპერაციის გაკეთება მოუწევდა.

„განადგურებული ვიყავი. არ მჯეროდა, რომ მეორეც უნდა გამეკეთებინა. ეს არის მომენტი, როდესაც შეიძლება კითხვები გაგიჩნდეს“, - ამბობს 39 წლის ფედერერი, ვინც ოთხშაბათს დოჰას ტურნირზე ითამაშებს. ეს იქნება მისი პირველი თამაში ავსტრალიის შარშანდელი ღია პირველობის შემდეგ.

შვეიცარიელს მუხლზე პირველი პროცედურა 2020 წლის თებერვალში ჩაუტარდა. მუხლი ველოსიპედით სეირნობის, ან ოთხ შვილთან გართობის შემდეგ უსივდებოდა. ივნსში გამოაცხადა, რომ მეორე ოპერაციის გაკეთება უწევდა. დიდი სლემის 20 ტრიტულის მფლობელი ფედერერი დოჰაში გამოსვლისას და მომდევნო თვეებში თავის მუხლს დააკვირდება და შემდეგ გადაწყვეტს თავის მომავალს.

„ვიცი, რომ 40 წლის სპორტსმენი, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ძალიან იშვიათად ბრუნდება. გაკვირვებული ვარ, რომ მკურნალობას ამდენი დრო დასჭირდა. მაგრამ ჩემ გუნდთან ერთად მალევე გადავწყვიტე, რომ დასაბრუნებლად გარკვეული დრო დამჭირდებოდა. მთავარია, რომ ტკივილი არ მაწუხებს, ტრავმა არ მაქვს. და მე ისევ ვისიამოვნებ ტურზე გამოსვლით. ახლა ვნახავთ, როგორ წავა საქმე, მე თვითონაც მაინტერესებს“, - ამბობს ფედერერი.

დოჰაში, რეპორტიორებთან საუბრისას მან არ დამალა, რომ მისთვის მთავარი, უიმბლდონისთვის კარგად მომზადებაა. დიდი სლემის ბრიტანული ტურნირი მას რვაჯერ აქვს მოგებული, რაც მამაკაცებს შორის რეკორდია. მეცხრედ მოგებაც შეეძლო, მაგრამ 2019 წელს ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო. არადა, მეხუტე სეტის ტაიბრეიკზე, ორი მატჩ პოინტი ჰქონდა...

შარშან უიმბლდონი პანდემიის გამო არ ჩატარდა. ეს 1945 წლის შემდეგ პირველად მოხდა. წლევანდელი ტურნირი 28 ივნისს დაიწყება და 11 ივლისს დასრულდება.

„აქ თამაშის შემდეგ, ისევ ვარჯიშს დავუბრუნდები. ამიტომ, ამ ტურნირს მზადების ეტაპად განვიხილავ, რათა უფრო გავძლიერდე, ჯანმრთელად ვიყო და უკეთ ვითამაშო. იმედი მაქვს, უიმბლდონამდე 100 პროცენტით მზად ვიქნები. მერე კი ჩემთვის სეზონი რეალურად დაიწყება“, - დასძენს ფედერერი, ვინც მაიამის მასტერსზე თამაშისგან თავი შეიკავა.

0.127471