ფეხბურთი

3:19 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჟოან ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტია

კატალონიის „ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაა. არჩევნებში ესპანელმა დამაჯერებლად გამარჯვა და კლუბს უახლოესი წლების განმავლობაში უხელმძღვანელებს. საინტერესოა, რომ ლაპორტამ ხმების 50%-ზე მეტი მიიღო, რაც ნამდვილად დიდი უპირატესობაა.

ლაპორტას გარდა არჩევნებში კიდევ ორი კანდიდატი - ვიქტორ ფონტი და ანტონი ფრეიქსა მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, არჩევნების შედეგები ასეთია:

ჟოან ლაპორტა - 54.28% (30.184 ხმა)

ვიქტორ ფონტი - 29.99% (16.679 ხმა)

ანტონი ფრეიქსა - 8.58% (4.769 ხმა)

ამრიგად, ჟოან ლაპორტა ბარსას უკვე მეორედ უხელმძღვანელებს. ის კლუბში პირველად 2003 წელს მივიდა და მისი პირველი ხმაურიანი ტრანსფერი არც მეტი, არც ნაკლები „პარი სენ ჟერმენიდან“ რონალდინიოს ყიდვა იყო. ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტზე 7 წელი დარჩა და 2010 წელს ის სანდრო როსელმა შეცვალა.

ლაპორტას პირველი ეპოქა „ბარსელონას“ ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გამოდგა და გუნდმა 12 ტიტულის მოპოვება შეძლო. უფრო კონკრეტულად კი ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონობა (2005, 2006, 2009, 2010), სამჯერ ესპანეთის სუპერთასი (2005, 2006, 2009), ორჯერ ჩემპიონთა ლიგა (2006, 2009), თითოჯერ კი ესპანეთის თასი (2009), ევროპის სუპერთასი (2009) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო (2009). მოგეხსენებათ, სწორედ ლაპორტამ დანიშნა 2008 წელს „ბარსას“ მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ ბოლო პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ იყო, რომელიც კლუბს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში წარუმატებელი შედეგების გამო მას 2020 წლის ნოემბერში პოსტიდან ვადაზე ადრე გადადგომა მოუწია.

0.148234