ფეხბურთი

23:05 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ქართული დერბი მოიგო, "შუქურამ" ბათუმთან ქულა გადაარჩინა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ქართული დერბი შედგა. ქუთაისში, „ტორპედომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და პირველი ტურის შემდეგ ორივე გუნდი მოუგებელი იყო.

„რამაზ შენგელიაზე“ „დინამო“ უპირატესობას ფლობდა და ეს დიდწილად მე-15 წუთზე მომხდარმა ეპიზოდმა განაპირობა. დინო ჰამზიჩმა საჯარიმოს გარეთ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო. რიცხვობრივი უპირატესობის მიუხედავად, გიორგი ნემსაძის გუნდმა შესვენებამდე გოლი ვერ გაიტანა. სხვათა შორის, ნემსაძე წინა ტურში გაძევების გამო დისკვალიფიცირებული იყო.

მეორე ტაიმი „დინამოს“ გოლით დაიწყო. მილან რადინის შესანიშნავი პასით თორნიკე ახვლედიანმა თავით გაიტანა და ანგარიში გახსნა. სტუმრებმა მეორედაც თავით გაიტანეს, ამჯერად ლუკა გაგნიძის ჩაწოდებას საიმონ ბენიო გამოეხმაურა. „დინამო თბილისს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს, ხოლო „ტორპედომ“ ცუდი სტარტი აიღო და ჯერჯერობით უქულოდაა.

პარალელურად, „დინამო ბათუმმა“ ქობულეთის „შუქურას“ გორში უმასპინძლა და ქულები დაკარგა. თამაში მართლაც საინტერესო გამოდგა, ორივე გუნდის კართან შეიქმნა მომენტები, საიდანაც ოპონენტებმა თითო მომენტი გამოიყენეს.

პირველი ტაიმის მიწურულს ჯაბა ჯიღაურმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. გია გეგუჩაძის გუნდი დიდხანს იგებდა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ნიკა ჭანტურიამ ასევე თავური დარტყმით გაათანაბრა და გიორგი შაშიაშვილის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა. „დინამო ბათუმის“ აქტივში 4 ქულაა. მომდევნო ტურში ეროვნულ ლიგაში მთავარი მატჩი „დინამო თბილისი“ „დინამო ბათუმს“ შეხვდება.

„ტორპედო“ – „დინამო თბილისი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ახვლედიანი (48), 0:2 ბენიო (70)

„დინამო ბათუმი“ – „შუქურა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჯიღაური (43), 1:1 ჭანტურია (83)

0.108865