ფეხბურთი

15:57 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე: „ყველაზე მეტი ანჩელოტისგან ვისწავლე“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმწვრთნელობა უაღრესად რთული საქმეა. მილიონობით გულშემატკივარი მცირე შეცდომასაც არ გაპატიებს. უფრო ძნელია ამ პოსტზე დიდ ხანს გაჩერება, მით უმეტეს, წარმატების მიღწევა. თამასა ძალიან მაღლაა აწეული - ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონობა ხუმრობა არ არის.

ადენორ ტიტე ბაკში, რომელსაც მაისში 60 წელი შეუსრულდება, „სელესაოს“ (ბრაზილიის ნაკრების მეტსახელია) 2016 წლიდან წვრთნის. 2019-ში მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიელებმა კოპა ამერიკა მოიგეს.

ახლა ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მიმდინარეობს. სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ჯგუფში ბრაზილიელებმა ოთხი მატჩიდან ოთხივე მოიგეს, ბურთების შეფარდებით 12:2. ცხადია, პირველ ადგილზე არიან. მარტის ბოლოს მათ ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელით: კოლუმბიასთან სტუმრად და არგენტინასთან შინ.

ფიფას ოფიციალური გვერდის ჟურნალისტები ტიტეს ესაუბრნენ. ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

ფიფა: ტიტე, ოთხი მატჩი, 12 ქულა, 12 გატანილი გოლი და მხოლოდ ორი მიღებული. როგორ შეაფასებდით ბრაზილიის ნაკრების სტარტს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?

ტიტე: ყოველ თამაშს თავისი ისტორია აქვს. საერთო სურათს უნდა შევხედოთ. პანდემიამ რაღაც დაგვაკლო და ფეხბურთის ხარისხზე იმოქმედა. მართალი გითხრათ, შედეგებმა რომელიც სამ თამაშში ვაჩვენეთ, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ვენესუელას წინააღმდეგ კი უკეთ ვიბრძოლეთ.

ფიფა: ახლა კოლუმბიასთან და არგენტინასთან მოგიწევთ შეხვედრა. არგენტინელებს კოპა ამერიკაზე ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ აღარ წაუგიათ. თან ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორებიც მესი, დიბალა, კორეა, მარტინესი და აგუერო არიან...

ტიტე: ორივე ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. კოლუმბიელებთან ბოლო ორი დაპირისპირება ტექნიკურად საუკეთესოები იყო. ორივე გუნდი ცდილობდა ბევრი შეეტია და პრობლემები შეექმნა მოწინაღმდეგისთვის.

ტრადიციული დერბებს ბრაზილია - არგენტინას, ასევე ბრაზილია - ურუგვაის ხომ დიდი ისტორიული ფესვი აქვს. არგენტინას მართლაც გამორჩეული ფეხბურთელბი ჰყავს. ბრაზილია -არგენტინა კი გაცილებით მეტია, ვიდრე მსოფლიოს შესარჩევი შეხვედრა.

ფიფა: არგენტინა ვახსენეთ და ახლახან დიეგო მარადონა გარდაიცვალა. რას ფიქრობთ მასზე?

ტიტე: ნება მომეცით, კარეკას მონაყოლს დავესესხო. ისინი „ნაპილიში“ ერთად თამაშობდნენ. დიეგოს ტექნიკური უნარები, იმპროვიზაცია, ხელოვნება... კარეკა ყოველთვის გაფაციცებული უნდა ყოფილიყო, რათა პარტნიორის „სირთულე“ გადაელახა. ჩაწოდებაზე ხომ მარადონა უბადლო გახლდათ.

ფიფა: რახან დიდ ფეხბურთელებზე ვთქვით. რას ფიქრობთ ნეიმარზე?

ტიტე: ნეიმარი დავაჟკაცდა, გაიზარდა. როცა „ბარსელონაში“ იყო, ეს პერიოდი ჩემს „სელესაოში“ მისვლის პერიოდს დაემთხვა, ფრთაზე თამაშობდა, გოლები გაჰქონდა, კარგი ტემპი და დრიბლინგი ჰქონდა. ახლა კი გაცილებით ფართო შესაძლებლობები გამოავლინა. გამტანად ისევ რჩება, მაგრამ ამავდროულად სხვებისთვისაც თამაშობს. როგორც იტყვიან: მშვილდიც არის და ისარიც. შეუძლია ყველაფერი დაიწყოს, მოაგვაროს და დაამთავროს.

ფიფა: რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა ფილიპე კოუტინიო „სელესაოსთვის“?

ტიტე: მას შემდეგ რაც „სელესაოს“ ვწვრთნი, ნაკრებმა გარკვეული ეტაპები გაიარა. ყველაზე უკეთესი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გახლდათ. ბევრი გოლები გავიტანეთ და ცოტა გავუშვით. თანმიმდევრულები ვიყავით. თანაც ყველაფერ ამას ძალიან ლამაზად ვაკეთებდით.

იმ შესარჩევში კოუტინიო შეუდარებელი იყო. თავიდან მარჯვნივ ირჯებოდა. შემდეგ, როცა რენატო აუგუსტომ ტრავმა მიიღო, ცენტრში გადაინაცვლა, ეს იმ როლს ჰგავდა, რომელსაც მაშინ „ლივერპულში“ ასრულებდა. იქაც მშვენივრად გამოიყურებოდა. ცხადია, ჰქონდა ჩავარდნები და აღმაფრენები, მაგრამ ის შესანიშნავი ფეხბურთელია,

ფიფა: ალისონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა?

ტიტე: ვფიქრობ, ზოგადად ყოფნა და მოცემულ მომენტში ყოფნა, განსხვავებული მცნებებია. მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია? ეჭვიც არ მეპარება. საუკეთესოა მეთქი რომ ვთქვა, სხვა მეკარეებსაც უნდა დავაკვირდე. შევადარო ისინი ერთმანეთს.

თუმცა, ვფიქრობ, ბოლო დროს ალისონი მართლაც საუკეთესო იყო. ნოიერს სჯობდა? დიახ. ტერ შტეგენს? დიახ. ობლაკს? დიახ. ვინღა დარჩა.

ფიფა: ბრაზილიის გარდა, ვინ არის ამჟამად მსოფლიოს გამორჩეული ნაკრები?

ტიტე: ძნელი სათქმელია. პანდემიის გამო ბევრ გუნდს არ მიეცა შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება. ბრაზილიას, არგენტინას და კოლუმბიას არ ჰქონდათ ხშირად შეკრების საშუალება. ევროპელები გაცილებით მეტს თამაშობდნენ.

იტალია დაბრუნდა. ახლა მათი თამაში უფრო ლამაზი გახდა, მანჩინიმ დიდი სამუშაო გასწია. საკუთარი სკოლა შექმნა, როგორც თავის დროზე არიგო საკიმ. ახლა მათ შესანიშნავი ბალანსი აქვთ დაცვით და შემტევ ხაზებს შორის.

ბელგიას კვლავ ჰყავს დიდი თაობა. ჩინებული გუნდი, ნიჭიერი ინდივიდუალისტებით. მსოფლიოს ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი კი კევინ დე ბრუინია.

ფრანგებიც ძალიან ძლიერები არიან.

ფიფა: ვინ მიგაჩნიათ დღეს მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთამაშედ?

ტიტე: ფიფას გამოკთხვისას დავწერე და ახლაც გავიმეორებ: პირველი - ნეიმარი, მეორე - ლევანდოვსკი, მესამე - დე ბრუინი.

ტრავმის მიღებამდე ნეიმარი შეუდარებელი იყო. ლევანდოვსკი არაჩვეულებრივი თავდამსხმელია. დე ბრუინს კი იმის გაკეთება ძალუძს, რაც სხვებს არ შეუძლიათ. მისი იმპროვიზაცია, გამბედაობა მისაბაძია. მიყვარს კევინის თამაშის ცქერა.

ფიფა: როგორ ახსნით თქვენს გადაწყვეტილებას, 2013 წელს ერთწლიანი პაუზა აგეღოთ სამწვრთნელო კარიერაში და მსოფლიოში გემოგზაურათ?

ტიტე: ფეხბურთს ყოველთვის ვსწავლობდი და მინდოდა ამ მხრივ საკუთარი მსოფლმხედველობა გამემდიდრებინა. როცა „კორინთიანსი“ დავტოვე, კარგი შესაძლებლობა მომეცა სხვა სპეციალისტების მუშაობას დავკვირვებოდი. საკლუბო დონეზე ხომ ყველაფერი მოვიგე: ბრაზილიის ჩემპიონატი, ლიბერტადორესის თასი, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი რომლის ფინალში „ჩელსი“ დავამარცხეთ. ვფიქრობდი, რომ შემდეგი ნაბიჯი „სელესაო“ იქნებოდა და მინდოდა როგორც მწვრთნელი, უფრო დავხვეწილიყავი.

ვკითხულობდი წიგნებს სიმეონეზე, გვარდიოლაზე. ვსწავლობდი როგორ მიაღწიეს დიდ წარმტებებს ბიანკიმ „ბოკა ხუნიორსში“ და კრუიფმა „ბარსელონაში.“

ფეხბურთი მთელ მსოფლიოში სხვადასხვანაირია და ყველგან შეიძლება რაღაცის სწავლა. შევხვდი ბიანკის. ერთი ხანი „არსენალთან“ ერთად გავატარე, დავყვებოდი ანჩელოტის, რომელიც მაშინ „რეალში“ მუშაობდა. ვსწავლობდი „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნის“ ტაქტიკურ მეთოდებს. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩს ვუცქირე და ბევრი რამ ჩავიწერე.

ფიფა: ყველააზე მეტი რომელი მწვრთნელისგან ისწავლეთ?

ტიტე: ანჩელოტისგან. ის თამაშს სულ სხვა თვალით უცქერს. უნკალური ხედვა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103916