უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლი თბილისის “არმაზისა” და ბათუმის “ბათუმის” დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. “შევარდენზე” შეკრებილმა მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილა და როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, ყველაფერი ერთმა ქულამ გადაწყვიტა.
თბილისელებისთვის ეს ზედიზედ მეორედ გამარჯვებაა და მათ კონკურენტ “ბათუმს”, რომელმაც პრემიალური ქულის აღება მოახერხა, დამატებითი მაჩვენებლებით (პირისპირ ბალანსით) გადაასწრეს. თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ეს შეხვედრა პირიქითი შედეგით დასრულებულიყო, მაგრამ ზღვისპირელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს დერეფანში, ბევრჯერ დაჯარიმდნენ რაქებში, ბოლოს მათ მთავარ დამრტყმელ ბახვა კობახიძეს მიზანმაც უმტყუნა და შედეგიც ლოგიკური დაჯდა. თავის მხრივ, “არმაზს” თავიდან ძლიერ უჭირდა შერკინებაში (მეორე ტაიმში სიტუაცია გამოსწორდა), რამდენჯერმე შეცდა გადაწყვეტილებების მიღებისას თუ ტექნიკური ილეთების შესრულებისას და ერთხელ ამისათვის ლელოთიც დაისაჯა, მაგრამ მეტოქეზე უკეთ შლიდა ბურთს, აქტიურად იყენებდა ფლანგებს, მეტოქეზე მეტად იყო მოტივირებული და საწადელსაც დამსახურებულად მიაღწია.
გუშინდელი მატჩებისგან განსხვავებით ეს თამაში უხვქულიანი აღმოჩნდა. ანგარიში დებიუტშივე სტუმრებმა კობახიძის ჯარიმით გახსნეს, მაგრამ “არმაზმა” მალევე ხელდახელ შეტევით უპასუხა, რეზო ბროძელმა ხაზი გაჭრა და მარცხნივ ირაკლი მაჩხანელს უპასა, რომელიც ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში ჯარიმით შეაჩერეს. თბილისელებმა ბურთი აუტში გაიტანეს, კარგი მოლი შეკრეს და ეს შეტევა ოთარ მინაშვილის ლელოთი დასრულდა, რასაც საბა ნიკოლავას ზუსტი გარდასახვა მოყვა. განახლდა თუ არა თამაში არმაზელები საკუთარ 22-ში შეცდნენ, ბროძელს დარტყმა რომ დაუგვიანდა დაუფარეს, ნიკოლავას პირისპირ სამი ბათუმელი დარჩა და ბექა გიგაშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო კობახიძემ გარდასახვით სტუმრებს 3-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა.
5 წუთში მაყურებელმა მესამე ლელო იხილა. “არმაზმა” 40 მეტრიდან ბურთი აუტში გაიტანა, მოლს გიორგი სოსელია მოწყდა და ის ვერავინ შეაჩერა, ხოლო ნიკოლავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 14:10. ტაიმის შუაში კობახიძემ არეკნი სცადა, თუმცა მიზანმა ოდნავ უმტყუნა. მერე ზღვისპირელებმა ძალის უპირატესობის გამოყენება სცადეს და სახელდახელოდ დაყენებული მოლით ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთეს, თუმცა, რეფერიმ ბურთის დამიწება ვერ დააფიქსირა. სამაგიეროდ, “ბათუმმა” 5-მეტრა შერკინებიდან რომ შეუტია ორი მოკლე დარტყმით თამაშმა ცენტრისკენ გადაინაცვლა, მერე იერიშის მიმართულება მარჯვნივ დაბრუნდა და ლევან თხელიძემ ლელო, ხოლო კობახიძემ გარდასახვა გაიტანა.
ტაიმის ბოლო მასპინძლების იყო, რომლებმაც ხელდახელ კიდევ ერთი კარგი შეტევა განახორციელეს და ალეკო ზაბახიძე მეტოქის კისერში ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა, ხოლო ნიკოლავამ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა და მეორე ტაიმში ყველაფრის თავიდან დაწყება გახდა საჭირო - 17:17.
მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში “ბათუმი” ჯერ რაქში, მერე მოლში ბლოკისთვის დაჯარიმდა და ნიკოლავამ ორივე დარტყმა ზუსტად შეასრულა. მალე ბადრი ლიპარტელიანმა გაჭრა ხაზი და ლელომდე სულ ცოტა რჩებოდა, მაგრამ ორ მცველს შორის ვეღარ გაძვრა და “არმაზმა” დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა. ამის შემდეგ ინიციატივა ბათუმელთა მხარეს გადავიდა, მაგრამ შეცდომებმა მათ საჭირო ქულების მარაგის აღების საშუალება არ მისცა. თუმცა, მანამდე, 54-ე წუთზე გიგა გაგოშვილმა გაჭრა ხაზი და ის დიდი გაჭირვებით შეაჩერეს, მაგრამ იერიში მარცხნივ გაიშალა და თუთბერიძემ დუბლი მიითვალა. კობახიძის გარდასახვა არაზუსტი იყო და “არმაზს” ერთქულიანი უპირატესობა დარჩა.
ასეთმა სიტუაციამ მატჩის ბოლო წუთებს განსაკუთრებული დაძაბულობა შემატა. კობახიძემ ორი წუთის ინტერვალით ორჯერ სცადა არეკნით სამი ქულის აღება, მაგრამ მიზანმა ორივეჯერ მცირედით უმტყუნა. ამას ისიც დაერთო, რომ ბათუმელებმა ფეხით ტაქტიკური დარტყმა ორჯერ ძალიან ცუდად შეასრულეს, საკუთარი დერეფნები წააგეს და დიდი წვალებით მოგებული მანძილები დათმეს. ბოლოს, 79-ე წუთზე, კობახიძეს კარიდან მარცხნივ, 45 მეტრიდან შეეძლო 4-ქულიანი დარტყმის განხორციელება (“არმაზს” სიტუაციის შესაცვლელად დრო პრაქტიკულად აღარ რჩებოდა), მაგრამ ბურთმა ძელებსშუა გავლა არც ამჯერად ისურვა და ზღვისპირელები ქულის ამარა დარჩნენ, ხოლო “არმაზი” მერვე ადგილამდე დაწინაურდა.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
V ტური
4 ოქტომბერი
თბილისი. “შევარდენი”. 100 მაყურებელი
თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 9:17 (3:7)
თბილისი. “ავჭალა”. 800 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 18:19 (3:10)
5 ოქტომბერი
თბილისი. “შევარდენი”. 300 მაყურებელი
ლელო სარასენსი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) 9:9 (6:0)
თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 9:10 (3:3)
6 ოქტომბერი
თბილისი. “შევარდენი”. 200 მაყურებელი
არმაზი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 23:22 (17:17)
არმაზი: 15. ნიკოლავა (ჩხაიძე 79), 14. გიორგაძე, 13. მაჩხანელი, 12. ლიპარტელიანი, 11. კაიფაჯიანი, 10. ბროძელი, 9. ლობჟანიძე; 1. ჯიბლაძე (ჩომახაშვილი 51), 2. სოსელია, 3. ბუკია (მარგველანი 57), 4. ჭელიძე, 5. კანდელაკი, 6. ბარბაქაძე, 7. მინაშვილი (გიგაური 45), 8. ამირანაშვილი.
2 ლელო: მინაშვილი, სოსელია
2 გარდასახვა: ნიკოლავა
3 ჯარიმა: ნიკოლავა
ბათუმი: 15. კობახიძე, 14. ნინიძე, 13. გაგოშვილი, 12. გ. თუთბერიძე, 11. ევგენიძე, 10. ოდიშარია, 9. ზაბახიძე (ზ. თუთბერიძე 67); 1. ხოჭოლავა (კელენჯერიძე 64), 2. ცხოვრებაშვილი (დავითაძე 74), 3. გიგაშვილი, 4. აზალაძე (ბერიძე 79), 5. ხელაძე (კორტავა 41), 6. ცირეკიძე, 7. ალიქაძე, 8. თხელიძე.
3 ლელო: გიგაშვილი, თხელიძე (2, 3)
2 გარდასახვა: კობახიძე
1 ჯარიმა: კობახიძე
1 სინბინი: ზაბახიძე (40+3)
რეფერი: ამაშუკელი
კიდეებზე: აბულაშვილი, მასხარაშვილი
1. | ყოჩები | 5 | 5 | 0 | 0 | 118-61 | 21 |
2. | ხარები | 5 | 3 | 1 | 1 | 124-74 | 16 |
3. | ლელო სარ. | 5 | 2 | 2 | 1 | 83-70 | 12 |
4. | ჯიქები | 5 | 2 | 1 | 2 | 43-58 | 11 |
5. | აია | 5 | 2 | 0 | 3 | 71-89 | 10 |
6. | ლოკომოტივი | 4 | 2 | 0 | 2 | 65-54 | 10 |
7. | არმია | 5 | 2 | 0 | 3 | 61-91 | 10 |
8. | არმაზი | 4 | 2 | 0 | 2 | 68-69 | 9 |
9. | ბათუმი | 5 | 2 | 0 | 3 | 78-92 | 9 |
10. | თიბიეს უნივ. | 5 | 0 | 0 | 5 | 73-126 | 2 |
მომდევნო ტური
11 ოქტომბერი
ლოკომოტივი - თიბიეს უნივერსიტეტი, ყოჩები - არმია, აია - ლელო
12 ოქტომბერი
ჯიქები - ბათუმი, არმაზი - ხარები