„ბარსელონამ“ „სევილიასთან“ ესპანეთის სამეფო თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი სტუმრად 0:2 წააგო და ამ წყვილში ბევრს ყველაფერი დასრულებულად ეგონა. თუმცა, „კამპ ნოუზე“ რონალდ კუმანის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და ფინალის საგზური ანდალუზიელებს ჯიბიდან ამოაცალა.
„ბარსამ“ სწრაფადვე დაიწყო ქამ-ბექზე ზრუნვა და უკვე მე-12 წუთზე უსმან დემბელეს ბრწყინვალე გოლით კატალონელები დაწინაურდნენ. თუმცა, ამის შემდეგ უპირატესობის მიუხედავად, მასპინძლები ვერაფრით ახერხებდნენ მეორე გოლის გატანას და ცხადია, „სევილიას“ ერთბურთიანი მარცხი სავსებით აკმაყოფილებდა.
უფრო მეტიც, 73-ე წუთზე ხულენ ლოპეტეგის გუნდმა იდეალური შანსი მიიღო, რომ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა. პენალტი დაინიშნა „ბარსას“ კარის მიმართულებით და ბურთთან ლუკას ოკამპოსი მივიდა. გოლი ნიშნავს, რომ „სევილია“ ფინალში იყო, რადგან არასრულ 20 წუთში „ბარსელონა“ 3 უპასუხო გოლის გამტან გუნდს ნამდვილად არ ჰგავდა. თუმცა, არგენტინელმა ყველაფერი გააკეთა, რომ მეტოქე ბრძოლაში დაეტოვებინა, პენალტი საშინლად შეასრულა და „სევილიამ“ დიდებული შანსი გაანიავა.
და მაინც, დრო გადიოდა და არაფერი იცვლებოდა. მსაჯმა თამაშს 4 წუთი დაამატა და სწორედ ბოლო კომპენსირებული დრო იწურებოდა, როდესაც ჟერარ პიკემ გაიტანა. „სევილიელებმა“ აქაც ყველაფერი გააკეთეს, რომ გოლი გაეშვათ, ბურთი კუთხურზე გადადიოდა, არ გაუშვეს და შედეგად, ანტუან გრიზმანს მისცეს კარგად ჩაწოდების შესაძლებლობა, იქ პიკემ თავით გაიტანა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. ამ დროს „სევილია“ უკვე კაცნაკლულიც იყო და ნათელი გახდა, რომ დამატებით დროში ვეღარ გაძლებდა.
95-ე წუთზე მარტინ ბრაითვაითმა გაიტანა და ყველაფერს წერტილი დაუსვა. „ბარსელონამ“ ეს თამაში დამატებით დროში 3:0, ხოლო ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგო და ფინალში მეტოქეს დაელოდება, რომელიც „ლევანტესა“ და „ბილბაოს“ საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში გამოვლინდება.
„ბარსელონა“ – „სევილია“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 დემბელე (12), 2:0 პიკე (90), 3:0 ბრაითვაითი (95)