სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

2:24 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" სკუდეტოს დაშორდა, "ინტერის" შანსი გაიზარდა

იტალიის სერია A-ში საჩემპიონო ინტრიგა ნელ-ნელა ქრება. „ინტერს“ 25-ე ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია, მაგრამ „პარმასთან“ თუ მოიგებს, რისი ალბათობაც საკმაოდ დიდია, ანტონიო კონტეს გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„მილანმა“ ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა. უფრო მეტიც, დიდი დანაკლისით მოთამაშე „როსონერი“ შინ „უდინეზესთან“ წაგებას ბოლო წამზე გადაურჩა. სტეფანო პიოლის გუნდმა უფერული ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად ვერ მოიგო, მაგრამ რომ არა სტუმართა საჩუქარი, უქულოდ დარჩებოდა. 68-ე წუთზე ბეკაოს გოლით უდინელები დაწინაურდნენ და პრაქტიკულად ბოლომდე შეძლეს ანგარიშის შენარჩუნება. მსაჯმა თამაშს 5 წუთი დაამატა და ეს დროც ამოწურული იყო, როცა ლარსენმა საჯარიმოში ხელით გაუაზრებლად ითამაშა და პენალტი დაინიშნა. ფრანკ კესიმ ზუსტად დაარტყა, გაათანაბრა და თამაშიც დასრულდა. „მილანი“ მარცხს გადაურჩა, მაგრამ ეს ქულა რამდენად არის შვება, სხვა საკითხია. „ინტერი“ გამარჯვების შემთხვევაში უპირატესობას 6 ქულამდე გაზრდის და ეს ცოტა ნამდვილად აღარ იქნება. „როსონერი“ 53 ქულით მეორე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ მდევრები „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ სახით უკვე 4 ქულაში არიან, თანაც ტურინელებს თამაშით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული.

მოიგო „რომამ“ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს. პაულუ ფონსეკას გუნდმა ფლორენციაში „ფიორენტინას“ უმძიმეს ბრძოლაში 2:1 აჯობა და ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. „ჯალოროსი“ ახლოსაა ოთხეულთან, მხოლოდ ორი ქულა აშორებს.

უფრო რთულადაა „ნაპოლის“ საქმე, რომელიც „სასუოლოს“ ესტუმრა და ზედრამატულ მატჩში ქულას გამორჩა. „ნაპოლიმ“ ტაიმი 1:2 წააგო, მაგრამ 89-ე წუთზე ლორენცო ინსინიეს პენალტით 3:2 დაწინაურდა და გამარჯვებას მიუახლოვდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ასევე პენალტით ჩიჩო კაპუტომ გაათანაბრა. სხვათა აშორის, ამ შეხვედრაშ 4 პენალტი დაინიშნა - ორ-ორი მასპინძელ-სტუმრის სასარგებლოდ. „სასუოლომ“ ორივე გაიტანა, ინსინიემ კი ჯერ ვერ გაიტანა და შემდეგ ზუსტად დაარტყა.

25-ე ტურში გენუური დერბიც შედგა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს. უფრო ახლოს მოგებასთან „ჯენოა“ იყო, რომელიც დავიდე ძაპაკოსტას გოლით იგებდა, მაგრამ მატჩის ბოლოს ლორენცო ტონელიმ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სერია A-ს 25-ე ტური ხუთშაბათს, „პარმასა“ და „ინტერის“ მატჩით დასრულდება.

„სასუოლო“ – „ნაპოლი“ 3:3 (2:1)

გოლები: 1:0 მაკსიმოვიჩი (34, ა.გ), 1:1 ზიელინსკი (38), 2:1 ბერარდი (45, პენ), 2:2 დი ლორენცო (72), 2:3 ინსინიე (89, პენ), 3:3 კაპუტო (90, პენ)

„მილანი“ – „უდინეზე“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ბეკაო (68), 1:1 კესი (90, პენ)

„ატალანტა“ – „კროტონე“ 5:1 (1:1)

გოლები: 1:0 გოსენსი (12), 1:1 სიმი (23), 2:1 პალომინო (48), 3:1 მურიელი (50), 4:1 ილიჩიჩი (58), 5:1 მირანჩუკი (85)

„ბენევენტო“ – „ვერონა“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ფარაონი (25), 0:2 ფულონი (34, ა.გ), 0:3 ლასანი (50)

„კალიარი“ – „ბოლონია“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 რუგანი (19)

„ფიორენტინა“ – „რომა“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 სპინაცოლა (48), 1:1 სპინაცოლა (60, ა.გ), 1:2 დიავარა (88)

„ჯენოა“ – „სამპდორია“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ძაპაკოსტა (52), 1:1 ტონელი (77)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.135377