ფეხბურთი

22:56 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნუ ფერნანდეში - "ბოავიშტადან" 'მანჩესტერ იუნაიტედამდე"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველის ბრუნუ ფერნანდეშის შესახებ ბოლო პერიოდში ბევრი იწერება. ფეხბურთელის კარიერა ინგლისში გადასვლის შემდეგ კიდევ უფრო განვითარდა და მისის სატრანსფერო ღირებულება "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის დაწყებიდან თითქმის გაორმაგდა და ამჟამად 90 მილიონ ევროს შეადგენს.

ფერნანდეშმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ გუნდზე დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა უცნაურია ის ფაქტი, რომ 18 წლის ასაკში იგი პორტუგალიის რანგით მესამე დივიზიონის გუნდმა "ბოავიშტამ" "ნოვარაში" გაასხვისა, რომელიც იმ დროისთვის სერია B-ში თამაშობდა. ბრუნუსთვის ეს იყო ძალიან უცნაური კარიერის დასაწყისი, არა და ინგლისში გადასვლის შემდეგ (2020 წლის იანვარი) მასზე მეტი გოლი არავის აქვს გატანილი და 11-ით მეტ საგოლე ეპიზოდში (54, გოლი და საგოლე გადაცემა) აქვს მონაწილეობა მიღებული, ვიდრე ჰარი კეინს.

"ნოვარაში" ფერნანდეშის ტრანსფერი 2012 წელს განხორციელდა და იმ დროისთვის პირველი გუნდის მაისურით პორტუგალიელი მოედანზე გასული არ იყო. ბარგი ბრუნუს დედამ ჩაულაგა და თან 50 ევრო გაატანა და უკვე ცნობილი იყო, რომ მინიმალური შემოსავალი ექნებოდა იტალიის ქვედა დივიზიონის გუნდში. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, ვინც ფერნანდეშს იცნობდა, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მისი კარიერა უფრო უკეთესად განვითარდებოდა.

პორტუს გარეუბან მაიაში დაბადებული ფერნანდეშის ნიჭი "ბოავიშტას" წარმომადგენლებმა შეამჩნიეს და ბრუნუ აკადემიას 10 წლის ასაკში შეუერთდა. ერთ-ერთი მისი მეტოქე გონსალუ პასიენსია იყო, რომელიც მაშინ ბრუნუს წინააღმდეგ ჭუჭყიან მოედანზე "პორტუს" რიგებში თამაშობდა.

"მაშინდელი ბრუნუ ახლანდელისგან განსხვავდება. იგი ცენტრალურ დაცვაში თამაშობდა, როგორც შემტევი და გრძნობდი, რომ მისგან განსაკუთრებული მოთამაშე გამოვიდოდა. ყველა ველოდით, რომ ფერნანდეში უმაღლეს დონეზე ითამაშებდა, მე როგორც მის მეგობარს, ვიცი მისი მენტალიტეტი. ბრუნუ ყოველთვის ფიქრობდა, რომ "მე საუკეთესო ვარ, ამის გაკეთება შემიძლია". განსხვავება ბრუნუს და სხვა ფეხბურთელებს შორის, მისი აზროვნებაა." - განუცხადა BBC Sport-ს პასიენსიამ.

"ბოავიშტას" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელს, კლუბის ყოფილ კაპიტან მარტელინიოს, კარგად ახსოვს თინეიჯერი, რომელსაც სურდა სწავლა და ლიდერული თვისებები "მანჩესტერ იუნაიტედში" უკვე გამოავლინა. მარტელინიომ გაიხსენა, რომ ვარჯიშების შემდეგ ფერნანდეში ყოველთვის რჩებოდა მოედანზე და საჯარიმო დარტყმებზე ვარჯიშობდა.

"როდესაც მე მას რჩევას და დახმარებას ვაძლევდი, ვარჯიშსა თუ თამაშში, ის ყოველთვის პატივისცემით გამოთქვამდა თავის აზრს. იმ დროს ის უკვე ლიდერი იყო. ის ძალიან მომთხოვნი იყო საკუთარი თავისა და თანაგუნდელების მიმართ. ბრუნუ თავმდაბალი ბავშვი იყო, უყვარდა უფროსების მოსმენა და ოჯახისთვის ცხოვრობდა." - ციტირებს მარტელინიოს სიტყვებს BBC Sport-ი.

"ბოავიშტა" მცირე ბიუჯეტის მქონე და ნაკლებად პერსპექტული კლუბი იყო, ხოლო "ნოვარაში" გადასვლით ბრუნუმ თამამი ნაბიჯი გადადგა. აღნიშნულ ტრანსფერში პორტუგალიელებმა 40,000 ევრო მიიღეს. ფერნანდეშმა კი ერთ წელიწადშივე დაამტკიცა, რომ უკეთესად შეეძლო თამაში და "უდინეზეში" მისი ტრანსფერი "ნოვარამ" 2.5 მილიონ ევროდ განახორციელა. მას შემდეგ იჯარის წესით ბრუნუმ "სამპდორიაშიც" ითამაშა და საბოლოოდ 2017 წელს ლისაბონის "სპორტინგში" გადაბარგდა. სამშობლოში დაბრუნებული ბრუნუ უკვე დაღვინებული იყო.

”18-19 წლის ბიჭისგან განსხვავებით, ბრუნუ განსხვავებული დაბრუნდა. ვიცოდი, რომ ის უკეთეს ფეხბურთელად გაიზრდებოდა, მაგრამ როდესაც ის დაბრუნდა მისი თამაშით აღფრთოვანებული დავრჩი” - ამბობს პასიენსია.

2017 წელს ბრუნუმ პორტუგალიის ჩემპიონატში თავისი კარიერის განმავლობაში პირველად ჩაატარა მატჩი, ლისაბონის "სპორტინგის" მაისურით.

"როდესაც იგი "უდინეზესა" და "სამპდორიაში" თამაშობდა, პორტუგალიაში მასზე დიდ იმედს არავინ ამყარებდა, მაგრამ როდესაც "სპორტინგში" გადმოვიდა, მახსოვს პირველი თამაში "გიმარაეშის" წინააღმდეგ გვქონდა და ყველა გაოცებული იძახდა: ვინ არის ეს ბიჭი?"

2017 წელს "სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა და ამის გამო ფეხბურთელებსა და გულშემტკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ფერნანდეშმა და რამდენიმე მისმა თანაგუნდელმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და სიტუაციის განსამუხტად კლუბმა მადრიდის "რეალის" ყოფილი თანაშემწე, პესეირო მიიწვიეს. ამის შემდეგ ფერნანდეში გუნდში დაბრუნდა იგივე ხელფასს დათანხმდა, რაც მანამდე ჰქონდა, ხოლო სხვა მოთამაშეები გაზრდილ გასამრჯელოს ითხოვდნენ.

"ვარჯიშების შემდეგ ბრუნუ ისადილებდა ხოლმე და 19 ან 23 წლამდელების თამაშის სანახავად მიდიოდა ხოლმე. მას თამაშების ყურება მოსწონდა. სურდა ახალგაზრდა ფეხბურთელები გაეცნო, გაეგო ვინ არიან და რას აკეთებენ მოედანზე. იგი ფეხბურთით ცხოვრობდა." - განაცხადა პესეირომ.

მიუხედავად იმისა, რომ ფერნანდეშის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა დიდი ევროპული კლუბებიდან, მას სათამაშო სტილი და ეთიკა არ შეუცვლია. "სპორტინგის" მაისურით ბრუნუმ 137 მატჩში 63 გოლი გაიტანა და 52 საგოლე გადაცემა შეასრულა. სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით კი ფერნანდეში ვარჯიშებზე უფრო მეტ დროს ატარებდა.

მას შემდეგ რაც ფერნანდეში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა (13 თვის წინ), ვერავინ წარმოიდგენდა თუ იგი ასე შთამბეჭდავად ითამაშებდა. პრემიერლიგის 40 შეხვედრაში პორტუგალიელმა 23 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან მეტჯერ მიიღო გოლის მომენტებში მონაწილეობა ვიდრე კლუბის ისტორიაში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებმა. მისმა 23 გოლმა "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერლიგაში 15 ქულა მოუტანა და მხოლოდ მოჰამედ სალაჰს ჩამორჩა, რომლის აქტიურობამაც "ლივერპულს" 18 ქულა შესძინა.

ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში 2020 წლის თებერვლიდან მოყოლებული, მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს აქვს ბრუნუზე მეტი გოლი (34 გოლი, 61მატჩი) გატანილი, ესენი კი შემდეგი მოთამაშეები არიან: რობერტ ლევანდოვსკი (57 გოლი, 52 მატჩი), კრიშტიანუ რონალდუ (43, 49), რომელუ ლუკაკუ (40, 54), ერლინგ ჰოლანდი (38, 42) და ლიონელ მესი (36, 53).

0.113807