ფეხბურთი

2:04 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მე-20 გოლი სერია A-ში: "იუვენტუსმა" გამარჯვების გემო გაიხსენა

იტალიის სერია A-ს XXV ტური „იუვენტუსისა“ და „სპეციას“ მატჩით დაიწყო და ტურინელებმა ადვილად მოიგეს. უფრო სწორედ ტური „ლაციო“ – „ტორინოს“ დაპირისპირებით უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მატჩი არ შედგა.

საქმე ისაა, რომ ტურინელთა რიგებში კორონავირუსი ეპიდემიაა და ქალაქის ჯანდაცვის უწყებამ გუნდს ტურინის დატოვების უფლება არ მისცა, შესაბამისად, ისინი რომში ვერ ჩავიდნენ. საპასუხოდ, ლეგა კალჩომ თამაში არ გადადო და „ლაციოს“ ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ. ანუ, ზუსტად იგივე მოხდა, რაც 4 ოქტომბერს, „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ არშემდგარ მატჩში. მაშინ, „იუვეს“ ტექნიკური მოგება ჩაეთვალა, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება გადაიხედა და გაუქმდა ტექნიკური სასჯელი, თამაში გადადებულია, ჯერ როდის გაიმართება უცნობია. რა ბედი ეწევა „ლაციო“ – „ტორინოს“ მატჩს უცნობია, მაგრამ წინა მაგალითს თუ შევადარებთ, „ნაპოლის“ მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჰყავდა ინფიცირებული, „ტორინოს“ კი 8 და პლუს 7 სტაფის წარმომადგენელი, მოკლედ ბევრად რთულ დღეში არიან.

რაც შეეხება „იუვე“ – „სპეციას“, ანდრეა პირლოს გუნდს ძალიან გაუჭირდა დებიუტანტ მეტოქესთან და 62-ე წუთამდე ღირებულს, კრიშტიანუ რონალდუს ერთ ძელს თუ არ ჩავთვლით, ვერაფერს ქმნიდა. აი, შემდეგ კი ტურინელებმა მეტოქე გატეხეს და შეცვლების დამსახურებაა. ანდრეა პირლომ ალვარო მორატა და ფედერიკო ბერნარდესკი ჩართო თამაშში და ზუსტად ერთ წუთში, ერთმა საგოლე პასი გააკეთა, მეორეც გაიტანა და ანგარიში გაიხსნა.

ბერნარდესკიმ აქტიურობა განაგრძო და სულ მალე ფედერიკო კიეზა დატოვა მაგარ პოზიციაში, რომელსაც მეკარემ რთული ბურთი აუღო, მაგრამ იტალიელმა დაამატა და სხვაობა ორამდე გაზარდა. უგოლოდ მოედანზე კრიშტიანუ რონალდუსაც არ დაუტოვებია, რომელმაც 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სხვათა შორის, კრიშტიანუმ სერია A-ში მე-20 გოლი გაიტანა და ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 12 სეზონში ტოპ 5 ლიგაში მინიმუმ 20 გოლის გატანა შეძლო. „სპეციას“ შეეძლო პრესტიჟის გოლის გატანა, მაგრამ ბოლო წამზე ვოიცეხ შჩესნიმ პენალტი მოიგერია და კარში მშრალად შეინახა.

„იუვენტუსმა“ 49 ქულა დააგროვა და ისევ მესამე ადგილზეა, ხოლო „ინტერს“ 7 და „მილანს“ 3 ქულით ჩამორჩება.

„იუვენტუსი“ – „სპეცია“ 3:0 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, დემირალი, ალექს სანდრო, ფრაბოტა (ბერნარდესკი 61); კიეზა (რემზი 72), ბენტანკური, რაბიო, მაკკენი (მორატა 61), კულუშევსკი (დი პარდო 86), რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„სპეცია“ (4-3-3): პროვედელი; ვინიალი, ტერცი, ერლიჩი, მარკიცა (ბასტონი 86); ესტევესი, სენა (აგუმე 86), მაჯორე (აკამპორა 72); გიასი, ნზოლა (გალაბინოვი 72), დიეგო ფარიასი (ვერდე 73)

მწვრთნელი: ვინჩენცო იტალიანო

გოლები: 1:0 მორატა (62), 2:0 კიეზა (71), 3:0 რონალდუ (89)

გაფრთხილება: ფრაბოტა (10), დემირალი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (9) – 10 (2) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:10 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: ჯანლუკა საკი

0.229981